როკის ლეგენდის კუთვნილი McLaren F1 GTR 35 მილიონ დოლარად იყიდება
მომავალ თვეში აუქციონზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული McLaren F1 გამოდის. Pink Floyd-ის დრამერის, ნიკ მეისონის კუთვნილი ავტომობილი 35 მილიონ დოლარზე მეტად ფასდება და, სავარაუდოდ, ის გახდება ყველაზე ძვირადღირებული F1, რაც კი ოდესმე საჯარო აუქციონზე გაყიდულა. ამ მოდელების საბაზრო ფასის გათვალისწინებით ეს საკმაოდ მაღალი თამასაა, თუმცა კონკრეტულ ეგზემპლარს ყველა პირობა აქვს ამ რეკორდის მოსახსნელად.

Pop Art F1-ის სახელით ცნობილი ეს ავტომობილი #10R შასია — პირველი ეგზემპლარი, რომელიც 1996 წლის სარბოლო სეზონისთვის GTR სპეციფიკაციით აიგო. ის F1 GTR-ის მიერ ლე-მანის 24-საათიან რბოლაში გაიმარჯვებიდან ზუსტად ერთ წელიწადში გამოჩნდა. თავდაპირველად ავტომობილი McLaren-ის საკუთრებაში რჩებოდა, თუმცა 1999 წელს ის ნიკ მეისონმა შეისყიდა. მწარმოებელმა ავტომობილი საზოგადოებრივ გზებს მოარგო, მოგვიანებით კი მასზე დამატებითი სამუშაოები ცნობილმა Lanzante-მ შეასრულა.

როგორც ბევრ სხვა F1-ს, მძიმე დღეები ამ სუპერქარსაც ახსოვს. 2009 წელს ჟურნალისტმა ის ხორბლის ყანაში გადაიყვანა და დაამტვრია, რასაც Lanzante-ს მიერ ჩატარებული სრული რესტავრაცია მოჰყვა. ამის შემდეგ ავტომობილმა მონაწილეობა მიიღო ევროპის მასშტაბით გამართულ რამდენიმე ღონისძიებაში, მათ შორის 2017 წლის გუდვუდის რბოლაში. სამწუხაროდ, აქ საჭესთან თავად მეისონი იჯდა, როდესაც კონტროლი დაკარგა და დამცავ ბარიერს შეეჯახა.

ავტომობილის პირვანდელი დიდების დასაბრუნებლად Lanzante კიდევ ერთხელ ჩაერთო საქმეში. აგების დღიდან მოყოლებული მეისონი ამ ავტომობილის ერთადერთი კერძო მესაკუთრეა. ის რეგულარულად გადიოდა ტექნიკურ მომსახურებას, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ დღეს ავტომობილი იდეალურ მდგომარეობაშია.

ორი ავარია, ერთი ხორბლის ყანა... და ის მაინც 35 მილიონ დოლარზე მეტი ღირს. როგორც ჩანს, F1 GTR-ს თითქმის ყველაფრის პატიება შეუძლია. შეგიძლიათ გადაავლოთ თვალი ლოტს RM Sotheby’s-ის გვერდზე და მშვიდად იტიროთ საკუთარ დანაზოგზე ფიქრში.