საქართველო, თუშეთი, გზების მშენებლობა, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
Aa
Aa

რა ეტაპზეა და როდის დასრულდება თუშეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზა?

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, თუშეთისკენ მიმავალ ფშაველი–აბანო–ომალოს 72-კილომეტრიან გზაზე საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების პროექტი აქტიურ რეჟიმში ხორციელდება. პროექტის ფარგლებში სამუშაოები უკვე მიმდინარეობს გზის 49.18-კილომეტრიან მონაკვეთზე, რაც თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზის მნიშვნელოვანი ნაწილის განახლებას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, პროექტის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე რთული და მაღალმთიანი საავტომობილო გზის უსაფრთხოება და გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. გაიზრდება თუშეთთან დამაკავშირებელი გზის უსაფრთხოება, საიმედოობა და კომფორტი, რაც რეგიონში მცხოვრებლებისა და ვიზიტორებისთვის გადაადგილებას კიდევ უფრო გაამარტივებს. პროექტი ითვალისწინებს გზის პროფილის აღდგენას, წყალგამტარი და წყალამრიდი სისტემების, ასევე ხელოვნური ნაგებობების მოწყობას, მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებების განახლებას, გზის შესაძლებლობის ფარგლებში გაგანიერებასა და უსაფრთხოების მიზნით ბოგიროვანი ზღუდარების მოწყობას.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტი რვა მონაკვეთად არის დაყოფილი. ამ დროისთვის ხელშეკრულებები გაფორმებულია ხუთ მონაკვეთზე, რაც 49.18 კილომეტრის რეაბილიტაციას მოიცავს. სამუშაოების საერთო ღირებულება 73.7 მილიონ ლარზე მეტია. პირველი 22.5 კილომეტრი ასფალტის საფარით მოეწყობა, ხოლო დანარჩენ მონაკვეთებზე, არსებული რელიეფის სპეციფიკიდან გამომდინარე, შენარჩუნდება გრუნტის საფარი, თუმცა სრულად აღდგება დაზიანებული უბნები და გაუმჯობესდება გზის გეომეტრიული და უსაფრთხოების პარამეტრები.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიწის ვაკისის მოწყობა, რკინაბეტონის კედლების მშენებლობა, საგზაო საფუძვლის მოწყობა და გზის გაგანიერებისთვის ფერდების ექსკავაციის სამუშაოები“, — ვკითხულობთ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არსებული გეგმით, ფშაველი–აბანო–ომალოს გზის საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების პროექტი 2026–2027 წლებში ეტაპობრივად დასრულდება.

ცნობისთვის, ფშაველი–აბანო–ომალოს გზა თუშეთამდე მისასვლელი ერთადერთი საავტომობილო გზაა. იგი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველიდან იწყება, აბანოს უღელტეხილს კვეთს და ომალოს უკავშირდება. გზა გასული საუკუნის 60–70-იან წლებშია გაყვანილი და ზღვის დონიდან 2 950 მეტრზე მდებარე აბანოს უღელტეხილზე გადის. რთული რელიეფისა და კლიმატური პირობების გამო, გზაზე მოძრაობა წლის განმავლობაში მხოლოდ დაახლოებით 4–5 თვის განმავლობაშია შესაძლებელი. შესაბამისად, შეზღუდულია საგზაო სამუშაოების პერიოდიც.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები