შქმერი-მრავალძალის საავტომობილო გზის მშენებლობა დაიწყო | როდის დასრულდება პროექტი?
ონის მუნიციპალიტეტში შქმერი–მრავალძალის 9 კილომეტრზე მეტი სიგრძის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
როგორც უწყების ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, შქმერი–მრავალძალის გზის რეაბილიტაცია რაჭის რეგიონისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია. შქმერი და მრავალძალი მაღალმთიან რელიეფზე მდებარეობს, რაც მას როგორც ისტორიულ-კულტურულ, ასევე ტურისტულ დანიშნულებას სძენს.
„არსებული ხრეშოვანი გზა მნიშვნელოვნად არის დაზიანებული, რაც გადაადგილებას ართულებს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის. მშრალ ამინდში გზაზე მაღალია დამტვერიანება, ხოლო ნალექიან პერიოდში გადაადგილება კიდევ უფრო რთულდება“, — ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, შქმერი–მრავალძალის მიმდინარე სამუშაოების ღირებულება 23 მილიონ ლარს აღწევს. პროექტის დასრულება კი 2028 წლის ბოლოსთვის იგეგმება.

„ონის შესასვლელში, ცოტა ხნის წინ განვითარებული მეწყრული პროცესების შემდეგ მოვაწყვეთ ალტერნატიული გზა, რომლითაც დღეს უკვე სარგებლობს ადგილობრივი მოსახლეობა. ინტენსიურად მიმდინარეობს დამეწყრილი ტერიტორიის გაწმენდა და სრულყოფილი რეაბილიტაცია, რის შედეგადაც ძირითადი გზა უახლოეს პერიოდში გაიხსნება. ასევე მოვინახულეთ მრავალძალის ახალი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები“ — განაცხადა რევაზ სოხაძემ.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტი აღნიშნავს, სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსახლეობა და ვიზიტორები უსაფრთხოდ, კომფორტულად და შეუფერხებლად შეძლებენ გადაადგილებას. „განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურა კი ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებას და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას“.