1977 წლის BMW E21 | ავტომობილი, რომელიც დროში გაიყინა
ცნობილია, რომ BMW-მ E21-ის თაობის 1.3 მილიონზე მეტი ეგზემპლარი შექმნა, თუმცა იშვიათია, რომ ამ მოდელის ისეთი ვერსია იპოვოთ, როგორიც ახლა ამერიკაში გასაყიდადაა გამოტანილი. თქვენ წინაშეა 1977 წლის 320i და ის აუქციონზე Bring a Trailer-ის საშუალებითაა გამოტანილი.
ასევე დაგაინტერესებთ: 7 ყველაზე ცუდი მანქანა, რაც „ბიემვის" ოდესმე შეუქმნია
ეს E21-თაობის მესამე სერია პირველი მფლობელის საკუთრებაში 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში რჩებოდა და დღემდე უჩვეულოდ კარგ მდგომარეობას ინარჩუნებს. ავტომობილის ფასს კი, სავარაუდოდ, ის ფაქტიც გაზრდის, რომ გამოშვების წლის მიუხედავად, მანქანას ამ დრომდე მხოლოდ 14 500 კილომეტრი აქვს გავლილი.

გერმანული ავტომწარმოებლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდელი თავდაპირველად 1977 წელს, აშშ-ში მდებარე Boulder European Autos-ის მიერ გაიყიდა. 320i-ის პირველი მფლობელი ექიმი უორენ ვალენსია იყო. სწორედ მას ეკუთვნოდა ავტომობილი 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, თუმცა ის 2020 წელს გარდაიცვალა.
ამჟამინდელმა მფლობელმა მანქანა 2024 წელს შეიძინა და აუქციონზე გასაყიდად გამოტანამდე ტექნიკური სერვისიც ჩაუტარა. მათ შორის, შეცვალა თერმოსტატი, გაგრილების სისტემის მილები, აკუმულატორი, საბურავები და ა.შ.

E21-ის გამორჩეული დეტალია Fjord Metallic-ის ფერის ძარა. გერმანული ავტომობილი 13-დუიმიან ალუმინის დისკებზე დგას, რომლებიც ამჟამად Kumho Solus-ის საბურავებშია გახვეული. სალონში კი Recaro-ს სპორტული სავარძლები დაგხვდებათ, რომლებიც იმ პერიოდისთვის საკმაოდ პოპულარული იყო. მიუხედავად იმისა, რომ სავარძლები თითქმის ნახევარი საუკუნისაა, მათზე ცვეთის კვალსაც კი ვერ შეამჩნევთ. ეს კი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მანქანას ათწლეულების განმავლობაში გულდასმით უვლიდნენ.


მესამე სერიის კაპოტქვეშ 2-ლიტრიანი ატმოსფერული 4-ცილინდრიანი M10 ძრავაა, რომელიც 110 ცხენის ძალასა და 152 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. 4-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფის საშუალებით კი სიმძლავრე უკანა ბორბლებს, შეზღუდული მოცურების დიფერენციალის გავლით, მიეწოდება.
ავტომობილის საქარე მინაზე „შემორჩენილი“ ქარხნული სტიკერის მიხედვით, ავტომობილი 1977 წელს $9 620-ად გაიყიდა. დღევანდელ ღირებულებაში ეს დაახლოებით $53 000-ია, თითქმის იმდენი, რამდენიც ახალი BMW 330i xDrive Sedan-ის საწყისი ფასი.

რაც შეეხება Bring a Trailer-ზე მიმდინარე აუქციონს, E21-ისთვის გაკეთებულმა მაქსიმალურმა შეთავაზებამ $20 000 შეადგინა, თუმცა ეს თანხა ჯერ მინიმალურ სარეზერვო ფასს ვერ გადაცდა. შესაბამისად, ავტომობილი კვლავ გაყიდვაში რჩება. მაგრამ ოდომეტრზე მხოლოდ 15 000 კმ-იანი მაჩვენებლითა და თითქმის ქარხნული მდგომარეობით, წესით, ეს E21 ავტომოყვარულთათვის საინტერესო ლოტი უნდა იყოს.