სტეფანწმინდა-გველეთის მონაკვეთზე საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდი აშენდება
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მონაკვეთზე, სტეფანწმინდა-გველეთს შორის, მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
როგორც ოფიციალური უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, „არსებული გზა არ აკმაყოფილებდა თანამედროვე სატრანზიტო მაგისტრალის სტანდარტებს და მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული, რის გამოც მისი უბრალო რეაბილიტაცია ვეღარ უზრუნველყოფდა საჭირო უსაფრთხოებასა და გამტარუნარიანობას, რამაც განაპირობა მონაკვეთის სრულად ახლიდან მშენებლობის აუცილებლობა“.
ახალი გზის პროექტი 2-ზოლიანი, 4.5 კმ-იანი გზის, 2 ხიდისა და 2 გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს — მათ შორის არის საქართველოში ყველაზე გრძელი, 2 კმ-იანი ხიდის მშენებლობაც.
ცნობისთვის, სამშენებლო მონაკვეთი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და სტეფანწმინდიდან დარიალის ახალ გვირაბამდე გადის. ამჟამად 460 მეტრი სიგრძის გვირაბი უკვე გაჭრილია და მიმდინარეობს შიდა მოსახვის სამუშაოები, მეორე, 846 მეტრი სიგრძის გვირაბზე კი მიმდინარეობს ბურღვითი სამუშაოები. ორივე გვირაბზე ასევე ეწყობა ხიმინჯები.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, სტეფანწმინდა-გველეთის მონაკვეთის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მგზავრობის უსაფრთხოება, ასევე რეგიონის წვდომა საჭირო სერვისებზე წლის ნებისმიერ სეზონზე.
პროექტის ღირებულება 215.5 მილიონი ლარია, ხოლო მისი დასრულება იგეგმება 2027 წელს.