ყველაზე ძვირად გაყიდული, ფერარი ლუჩე, მაკლარენ ეფ1 ჯითიარი, მონტერეის ავტოკვირეული
Aa
Aa

მონტერეის ავტოკვირეულზე ყველაზე ძვირად გაყიდული მანქანები

ყოველწლიურად, მონტერეის ავტოკვირეული დაინტერესებულ პირებსა და დამთვალიერებლებს არაერთი უნიკალური ავტომობილის ხილვის შესაძლებლობას აძლევს. მწარმოებლებისთვის კი ეს არის ადგილი, სადაც თავიანთი „ქმნილებების“ წარდგენა და მათი რეკორდულ ფასად გაყიდვაც კი შეუძლიათ. გამონაკლისი არც წლევანდელი ღონისძიება ყოფილა, თუ ერთ ფაქტს არ ჩავთვლით — წელს, მონტერეის ავტოკვირეულზე ყველაზე ძვირად გაყიდული ავტომობილის სტატუსი, ალბათ, მას დარჩა, ვისაც ყველაზე ნაკლებად მოველოდით.

ასევე დაგაინტერესებთ: 8 ყველაზე ძვირად გაყიდული ავტომობილი ისტორიაში

ეს უპირობო გამარჯვებული კი Ferrari-ს პირველი, სრულად ელექტრო ავტომობილი, Ferrari Luce გახლავთ. Luce-ს პირველი (შასის ნომრით 0) და უნიკალური ეგზემპლარის ღირებულებამ RM Sotheby’s-ის მიერ გამართულ აუქციონზე $40 მილიონს მიაღწია. შედეგად კი, თავდაპირველი ვარაუდები, რომლებიც ელექტრომობილს მხოლოდ $1.1 მილიონად გაყიდვას უქადდნენ, უბრალოდ გააცამტვერა.

როგორც ცნობილი ხდება, უნიკალური იტალიური ელექტრომობილის მფლობელი მილიარდერი ბიზნესმენი, გამომგონებელი და ფილანტროპი, დოქტორი ჰერბერტ „ჰერბი“ ვერტჰაიმია. სწორედ მან შეიძინა გასულ წელს $26 მილიონად Ferrari Daytona SP3 — ეს ღირებულება კი, იმ დროისთვის, ასევე რეკორდი იყო.

ასევე იხილეთ: ვიღაცამ Ferrari-ს პირველ ელექტრომობილში რეკორდული თანხა გადაიხადა

თუმცა, Luce-ს მიღმაც, მონტერეის ავტოკვირეულის ფარგლებში, წელს არაერთი საინტერესო მოდელი ვიხილეთ. მათ შორის იყო 1996 წლის McLaren F1 GTR chassis 10R. ეს უკანასკნელი $34.655 მილიონად გაიყიდა და ღონისძიებაზე მეორე ყველაზე ძვირად გაყიდული ავტომობილი გახდა. ცნობისთვის, აღნიშნული მოდელი ერთ-ერთია იმ არსებული მხოლოდ ორი ვერსიიდან, რომელთაც მოკლე უკანა ნაწილი აქვთ. ავტომობილი დაახლოებით 25 წელი Pink Floyd-ის დრამერ ნიკ მეისონის კოლექციაში ინახებოდა.

მესამე ადგილზე 1963 წლის Chevrolet Corvette Grand Sport გავიდა, რომლის ფასმაც $18.705 მილიონს მიაღწია. ეს ერთ-ერთია ხუთი ქარხნული Grand Sport-დან და სულ სამი კუპედან. მას მოჰყვება Ferrari Daytona SP3, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ სხვა მონაწილეებთან (Luce-ს თუ არ ჩავთვლით) შედარებით საკმაოდ ახალია, $17.825-მილიონიან ღირებულებას მიაღწია.

არანაკლებ შთამბეჭდავი შედეგები აჩვენეს Ferrari-ს კლასიკურმა მოდელებმაც. მათ შორის იყო Ferrari F50, რომელიც $12.105 მილიონად გაიყიდა, და Ferrari 288 GTO, რომლის შეფასებამაც $11.555 მილიონს მიაღწია. მონტერეის ავტოკვირეულზე ასევე ვიხილეთ $9.410 მილიონად გაყიდული Ferrari Enzo და ლეგენდარული ამერიკელი ბიზნესმენის, ლი იაკოკას საკუთრებაში არსებული Ferrari F40 — $8.365 მილიონის შეფასებით.

წარმოგიდგენთ, აუქციონზე ყველაზე ძვირად გაყიდულ ხუთ ავტომობილს: 

2026 Ferrari Luce 'Tailor Made' — $40 მილიონი 

1996 McLaren F1 GTR — $34 655 000

1963 Chevrolet Corvette Grand Sport — $18 705 000

2023 Ferrari Daytona SP3 — $17 825 000

1995 Ferrari F50 — $12 105 000

საერთო ჯამში, RM Sotheby’s-ის ინფორმაციით, მონტერეის აუქციონის სამი დღის განმავლობაში ავტომობილების გაყიდვებიდან მიღებულმა თანხამ $375.8878 მილიონს მიაღწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები