V10 პირველი თაობის X5-ში — BMW-ისა და Kith-ის გიჟური ნამუშევარი
BMW-მ და Kith-მა თავიანთი უახლესი ერთობლივი პროექტი წარადგინეს, რომელიც ორი ავტომობილისგან შედგება: 2027 წლის X5 და 2000 წლის კლასიკური მოდელი. მათ შორის განსაკუთრებულ ყურადღებას სწორედ ეს უკანასკნელი იპყრობს, რადგან მასში 5.0-ლიტრიანი V10 ძრავი 6-სიჩქარიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან არის შეწყვილებული.
ასევე იხილეთ: BMW-ს ბურუსით მოცული წარსული და აქამდე უცნობი ფაქტები
ერთი წლის განმავლობაში E53-ს სრული რესტავრაცია ჩაუტარდა და ძალური აგრეგატი მთლიანად განახლდა. კომპანიებს დეტალები არ დაუკონკრეტებიათ, თუმცა ცნობილია, რომ S85 V10 ძრავი M5-ში გამოიყენებოდა, სადაც ის 500 ცხენის ძალასა და 520 ნიუტონ-მეტრ მაბრუნ მომენტს გამომუშავებდა. ვერცხლისფერ ქროსოვერს ქარხნული სრული ამძრაობის სისტემა შეუნარჩუნდა, თუმცა აღიჭურვა ინდივიდუალური გამოსაბოლქვი სისტემით, განახლებული დაკიდებითა და BMW M Sport-ის მუხრუჭებით, რომლებსაც Kith-ის ლოგოტიპიანი ლურჯი სუპორტები დამშვენებს.

ინტერიერში შავი ტყავია გამოყენებული, რომელზეც Kith-ის დამღებია ამოტვიფრული — სავარძლებზე, ცენტრალური კონსოლის ხუფზე, გადაცემათა კოლოფის ბერკეტის შალითასა და კარების პანელებზე. სალონს ასევე ამშვენებს მეტალის ჩანართები და Kith-ის ლოგოტიპიანი სპიდომეტრი.

მასთან შედარებით, 2027 წლის BMW X5 by Kith უფრო სადაა, თუმცა გამოირჩევა Frozen Titanium Silver-ის ძარით, 23-დუიმიანი დისკებითა და Kith-ის ემბლემებით. მოდელს ასევე აქვს M Sport-ის მუხრუჭები და გამჭვირვალე უკანა მაშუქები. ინტერიერში გვხვდება შავი ტყავით მოპირკეთებული სპორტული სავარძლები ნახშირბადის ბოჭკოს კარკასით.

ეს ექსკლუზიური, ერთადერთი ეგზემპლარი X5 40 xDrive-ის ბაზაზეა შექმნილი, რომელიც აღჭურვილია 3.0-ლიტრიანი, ტურბოჩაბერვის მქონე 6-ცილინდრიანი ერთრიგა ძრავით. იგი 394 ცხენის ძალასა და 580 ნიუტონს გამოიმუშავებს. ეს აგრეგატი ქროსოვერს საშუალებას აძლევს, 0-დან 100 კმ/სთ-მდე 5.1 წამში აჩქარდეს და 250 კმ/სთ ელექტრონულად შეზღუდულ მაქსიმალურ სიჩქარეს მიაღწიოს.