საქართველო, თბილისი, გზების მშენებლობა, თბილისი-რუსთავის მაგისტრალი
Aa
Aa

ქარსაფარი ზოლები, ხმაურის, მტვრისა და გამონაბოლქვის ფილტრაციისთვის ბუნებრივი ბარიერები | რისი გაკეთება იგეგმება თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე

თბილისი-რუსთავის ჩქაროსნული მაგისტრალის შუა გამყოფი ზოლისა და მის მიმდებარედ გამწვანების სამუშაოების განხორციელების მიზნით, სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე ტენდერი გამოცხადდა.

მუნიციპალური განვითარების ფონდის (MDF) მიერ გამოცხადებული ტენდერის სავარაუდო ღირებულება 208 800 ლარია. წინადადებების მიღება 5 სექტემბერს იწყება და 9 სექტემბერს სრულდება.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, გასათვალისწინებელია, რომ დაიგეგმოს და განხორციელდეს:

— ფუნქციური, ესთეტიკურად დახვეწილი და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მდგრადი ლანდშაფტის დიზაინი, თანამედროვე საერთაშორისო საგზაო სტანდარტების სრული დაცვით;

— მაგისტრალის შუა გამყოფი ზოლისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის მწვანე საფარით მოწყობა;

— საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ნორმებთან (მათ შორის, საავტომობილო ნაკადების ხილვადობის სამკუთხედების დაცვასთან) და გარემოს დაცვის სტანდარტებთან სრული შესაბამისობა;

— ხე-მცენარეებისა და მწვანე ნარგავების მეშვეობით ქარსაფარი ზოლების მოწყობა და მაგისტრალური ხმაურის, მტვრისა და მავნე გამონაბოლქვის ფილტრაციისთვის ეფექტური ბუნებრივი ბარიერების შექმნა;

— გამწვანებული ზონების გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველსაყოფად, სრულყოფილი ავტომატური და წვეთოვანი საირიგაციო (სარწყავი) სისტემების პროექტირება, სადრენაჟო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან ერთად.

ტექნიკურ დავალებაში ნათქვამია, რომ საპროექტო არეალი ქვემო ქართლის რეგიონში, ქალაქ თბილისისა და ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარეობს. ძირითადი შუა გამყოფი ზოლისა და მიმდებარე ტერიტორიის საორიენტაციო ფართობი 131 130 კვ.მ-ს შეადგენს (საიდანაც 5 130 კვ.მ კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებია). გარდა ამისა, რეკომენდებულია დამატებით 4 000 კვ.მ ფართობის შუა გამყოფი ზოლის გამწვანებაც.

როგორც სატენდერო პირობებშია აღნიშნული, მოცემული საგზაო მონაკვეთი ხასიათდება ინტენსიური მოძრაობითა და მშრალი კლიმატით, რის გამოც ტერიტორიის სწორი გამწვანება არსებითად უზრუნველყოფს მაგისტრალის ვიზუალურ მოწესრიგებასა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაჯანსაღებას.

წყარო - bpn.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები