რეიტინგი, ელექტრომობილები, ტესლა, საიმედოობის კვლევა
Aa
Aa

ელექტრომობილების საიმედოობის რეიტინგი | Tesla ევროპელებმა დაჯაბნეს

ელექტრომობილების ევროპელი მფლობელების გამოკითხვის საფუძველზე, ესპანეთში მოქმედმა კვლევითმა ორგანიზაციამ, OCU-მ, ელექტრომობილების ბრენდების საიმედოობის რეიტინგი წარადგინა. კვლევაში ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 3 810 ელექტრომობილის მომხმარებელი მონაწილეობდა.

ასევე დაგაინტერესებთ: რამდენად უსაფრთხოა ელექტრო ავტომობილები?

კვლევის ფარგლებში, ორგანიზაციამ შეაფასა როგორც ამ ავტომობილების საიმედოობა და გაუმართაობის შემთხვევების სიხშირე, ისე მომხმარებელთა კმაყოფილება და ელექტრომობილის ეკონომიურობა. OCU-ს უახლესი რეიტინგის მიხედვით, ყველაზე საიმედო ელექტრომობილების ბრენდებად BMW და Smart-ი დასახელდნენ. მომხმარებელთა შეფასებით, ორივე ბრენდმა 100 შესაძლო ქულიდან 91 ქულა მიიღო.

მოწინავე პოზიციებზეა, თუმცა მხოლოდ მესამე ადგილს სჯერდება ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებელი Tesla. ამ უკანასკნელმა მესამე ადგილი BYD-სა და Dacia-სთან გაიყო და თანაბარი 89-89 ქულა აქვთ. მათ მოჰყვებიან Kia, Nissan-ი, Renault-ი და MG — თითოეული 87 ქულით.

მიუხედავად იმისა, რომ Tesla საიმედოობის რეიტინგის ლიდერი არაა, გამოკითხვის შედეგებით, მომხმარებელთა ყველაზე მაღალი კმაყოფილებით პირველ ადგილზე სწორედ ამერიკული კომპანიაა. ამ კატეგორიაში Tesla-ს შემდეგ BMW, Polestar-ი და Mercedes-Benz-ი არიან წარმოდგენილნი.

ელექტრომობილების სანდოობის რეიტინგის გარდა, OCU-მ თავის ანგარიშში ყურადღება ელექტრომობილების ეკონომიურობაზეც გაამახვილა. OCU-ის გათვლებით, თუ ელექტრომობილი საშუალოდ 100 კილომეტრზე 18 კილოვატსაათ ელექტროენერგიას მოიხმარს და მფლობელი მას სახლში მუხტავს, 100 000 კილომეტრის გავლა დაახლოებით 2 700 ევრო დაჯდება. ორგანიზაციის გათვლით, ასეთ შემთხვევაში ელექტროენერგიის ფასი კილოვატსაათზე 0.15 ევროს შეადგენს, ხოლო 100 კილომეტრზე — 2.70 ევროს.

შედარებისთვის, თუ ბენზინზე მომუშავე ავტომობილი საშუალოდ 100 კილომეტრზე 7.5 ლიტრ საწვავს მოიხმარს, 100 000 კილომეტრის დაფარვა მძღოლს 12 000 ევრო დაუჯდება. შესაბამისად, OCU-ს დაანგარიშებით, სხვაობა ელექტრომობილის სასარგებლოდ 9 300 ევროს აღწევს.

ორგანიზაციის მტკიცებით, შედარებით დაბალია ელექტრომობილების მოვლის ხარჯიც. მაგალითად, თუ საშუალოდ წლიურ ჭრილში ელექტრომობილის ტექნიკური მომსახურება დაახლოებით 140 ევრო ჯდება, მაშინ, როდესაც შიგა წვის ძრავის მქონე ავტომობილის შემთხვევაში ეს ხარჯი 250 ევროს აღწევს. თუმცა საინტერესოა ისიც, რომ ელექტრომობილების დაზღვევა უფრო ძვირი ჯდება და OCU-ს გამოთვლით, ეს ფასი ბენზინზე მომუშავე მანქანის დაზღვევის ღირებულებას 36%-ით აღემატება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები