საწვავის ფასი, აშშ, დიზელი, სანავთობო კრიზისი, დიზელის ფასი
Aa
Aa

აშშ-ში დიზელის ფასი რეკორდულ ნიშნულს მიუახლოვდა — მიზეზები და პოტენციური შედეგები

იმ შემთხვევაშიც კი, თუ დიზელზე მომუშავე ავტომობილი არასდროს გყოლიათ და არც საწვავის ავზი აგივსიათ, დიზელის ფასი მაინც მნიშვნელოვანია. არაერთი ქვეყნის ლოგისტიკისა და სატრანსპორტო სექტორის უდიდესი ნაწილი სწორედ ამ საწვავზეა დამოკიდებული და მისი გაძვირება, ფაქტობრივად, ყველა მომსახურებას აძვირებს. ამჟამად დიზელის საშუალო ფასმა აშშ-ში ეროვნულ დონეზე გალონზე 5.62 დოლარს მიაღწია (დაახლოებით 1.48 დოლარი ლიტრზე), რაც კოლოსალური მაჩვენებელია.

ამ მკვეთრ გაძვირებას რამდენიმე კონკრეტული მიზეზი აქვს. მართალია, ფასს ისტორიული მაქსიმუმისთვის ჯერ არ გადაუჭარბებია, მაგრამ არსებობს ყველა ნიშანი იმისა, რომ ახალი რეკორდი ძალიან მალე დამყარდება.

საგარეო წყაროების ცნობით, რუსეთი საწვავის ექსპორტის აკრძალვას სექტემბრის ბოლომდე გაახანგრძლივებს. ამის მიზეზი უკრაინული დრონების წარმატებული იერიშებია, რომლებმაც სერიოზულად დააზიანეს რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და წარმოება საგრძნობლად შეამცირეს. რუსეთი მსოფლიოში საწვავის მეორე უდიდესი ექსპორტიორია საუდის არაბეთის შემდეგ, შესაბამისად, ამ დარტყმების შედეგები აშშ-სა და მთელ მსოფლიოში მკვეთრად იგრძნობა.

სერიოზული პრობლემებია ჰორმუზის სრუტეში საწვავის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებითაც. თუ ადრე ამ სტრატეგიულ საზღვაო გზაზე დღეში საშუალოდ 100 ტანკერი გადაადგილდებოდა, ახლა გატარებული გემების რაოდენობა ერთეულებით განისაზღვრება. მიწოდების ასეთი მკვეთრი შემცირება ავტომატურად ზრდის ბაზარზე არსებული ნავთობის ფასს, რადგან მოთხოვნა არ შემცირებულა. სრუტეში მოძრაობის შეზღუდვა თებერვლიდან მოყოლებული გრძელდება და მიწოდების დეფიციტი ფასების ზრდის მთავარ მამოძრავებელ ძალად რჩება.

რა გავლენას ახდენს ეს ეკონომიკაზე?

ასეთი მასშტაბის კრიზისი ვაკუუმში არ არსებობს და ყოველდღიურ ცხოვრებაზე პირდაპირ აისახება. Axios-ის მონაცემებით, დიზელის ხარჯები აშშ-ში ხორბლის, სიმინდისა და სხვა ძირითადი კულტურების მოყვანის საერთო თვითღირებულების 3-5%-ს შეადგენს. ანუ საწვავის გაძვირება პროდუქტზე ფასის მატებას სატრანსპორტო გადაზიდვებამდეც კი იწვევს.

შორ მანძილზე მომუშავე მძღოლები (მძიმე სატვირთოების მფლობელები) ამჟამად გალონში საშუალოდ 1.94 დოლარით მეტს იხდიან, ვიდრე ერთი წლის წინ. ორი 100-გალონიანი (დაახლოებით 378-ლიტრიანი) ავზის მქონე სატვირთოს სრულად გამართვა ახლა 388 დოლარით ძვირი ჯდება.

თუ მძიმე ტრაილერი კვირაში ორჯერ ავსებს ავზს, თვეში მხოლოდ დიზელზე 9040 დოლარი იხარჯება — რაც 2025 წლის აგვისტოსთან შედარებით 3104 დოლარით მეტია. როდესაც ძირითადი ინდუსტრიების მომსახურე ტექნიკის ექსპლუატაცია მესამედით ძვირდება, ეკონომიკური დარტყმა სწრაფი და მტკივნეულია. დიზელის ფასს ჯერ არ გადაუჭარბებია 2022 წლის მაისში დაფიქსირებული ისტორიული მაქსიმუმისთვის ($5.82 გალონზე), თუმცა დარჩენილი 20 ცენტი არსებული ტემპის ფონზე ძალიან მცირე დისტანციაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები