ფატალური შემთხვევის შემდეგ, eBay-მ უსაფრთხოების ბალიშების გაყიდვა აკრძალა
მიმდინარე წლის დასაწყისში, აშშ-ის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში მითითებული იყო, რომ სხვა პირობების შემთხვევაში, ავტოსაგზაო შემთხვევების დროს დაღუპული რვა პირის გადარჩენა შესაძლებელი იყო. კერძოდ, საუბარია ავტომობილებში გამოყენებულ უსაფრთხოების ბალიშებზე: NHTSA-ს თანახმად, ჩინური კომპანია Jilin Province Detiannuo Automobile Safety System-ის მიერ წარმოებულ აირბაგის შემცვლელ ინფლატორებზე.
აშშ-ში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული კომპონენტები ქვეყანაში უკანონოდ შეიტანეს, შემდგომში კი ნაავარიები ავტომობილების შესაკეთებლად გამოიყენეს. ოფიციალური პირების განცხადებით, ეს „სახიფათო და დაბალი ხარისხის უსაფრთხოების ბალიშების ინფლატორები“ ავარიის დროს შესაძლოა არასწორად ამოქმედდეს და ავტომობილის სალონში დიდი ზომის მეტალის ფრაგმენტები გაისროლოს. უსაფრთხოების ბალიშის მდებარეობიდან გამომდინარე კი, ეს ფრაგმენტები შესაძლოა მძღოლს გულმკერდის, კისრის, თვალებისა და სახის არეში მოხვდეს.

ეს პრობლემა იმდენად სერიოზული და გავრცელებულია, რომ 2025 წელს მიჩიგანში მცხოვრებ პირს eBay-ზე ყალბი უსაფრთხოების ბალიშების გაყიდვისთვის ბრალი წარუდგინეს. მიჩიგანის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ყალბი აირბაგების 80%-ზე მეტი სათანადოდ ვერ იშლება, რაც მძღოლისა და მგზავრების დაზიანებისა და გარდაცვალების რისკს ზრდის.
ამავე უწყების მონაცემებით, მხოლოდ მიჩიგანში დაახლოებით 81 000 ავტომობილს შესაძლოა სწორედ ამ დეფექტის მქონე აირბაგები ჰქონდეს დამონტაჟებული. ამის საპასუხოდ eBay-მ უსაფრთხოების ბალიშებთან დაკავშირებული პროდუქციის გაყიდვაზე ახალი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. 2026 წლის 24 სექტემბრიდან პლატფორმაზე აირბაგების, აირბაგის ინფლატორებისა და საჭის აირბაგის საფარების განთავსება და გაყიდვა აიკრძალება.

კომპანიის განცხადებით, გადაწყვეტილება „ამ პროდუქტების მიერ eBay-ის მომხმარებლებისთვის შესაძლო რისკების ყოვლისმომცველი შეფასების“ შემდეგ მიიღეს.
დამატებით, აშშ-ში უსაფრთხოების ბალიშებთან დაკავშირებული გარკვეული ტიპის კომპონენტების გაყიდვის უფლება მხოლოდ წინასწარ დამტკიცებულ სელერებს ექნებათ. eBay-ის გადაწყვეტილებას მიესალმა იურიდიული კომპანია Morgan & Morgan-იც, რომელმაც ყალბ აირბაგის ინფლატორებთან დაკავშირებით სამი ფატალურად დასრულებული ავარიის საქმეზე სარჩელი აღძრა.
კომპანიის წარმომადგენლების შეფასებით, eBay-ის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, რათა მსგავსი უკანონო და ყალბი მოწყობილობების ბაზარზე მოხვედრის პრევენცია მოხდეს. ეს კი, მომავალში უზრუნველყოფს, რომ ისინი ავტომობილებში არ აღმოჩნდეს. თუმცა, ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთი კომპანიის პრობლემა არაა და მასთან ბრძოლას ბევრად ფართომასშტაბიანი ძალისხმევა სჭირდება.