CRX-ის ფერმა | აქ Honda-ს კლასიკური მოდელებისა და ნაწილების უზარმაზარი კოლექცია დაგხვდებათ
აშშ-ში, კერძოდ კი კანზასის შტატში, მდებარეობს ადგილი, რომელსაც CRX Farm-ს (CRX-ის ფერმა) უწოდებენ. ალბათ იფიქრებთ, რომ ეს სახელწოდება მხოლოდ Honda CRX-ის ავტომობილების კოლექციაზე მიანიშნებს, თუმცა რეალურად ასე არაა, რადგან ამ უნიკალურ ფერმაში Honda-ს არაერთი საინტერესო კლასიკური მოდელისა და ნაწილის პოვნაც კი შეგიძლიათ. მათ შორის იმ ავტონაწილების, რომელთა მოძიებაც ონლაინპლატფორმებზე გაგიჭირდებათ.

Honda-ს მოდელებისა და ნაწილების კოლექცია ჯერემ ფრიმენს ეკუთვნის. როგორც თავადვე ამბობს, CRX Farm-ის სახელწოდება მის საქმიანობას ბოლომდე ვერ აღწერს. ამ ლოკაციაზე დაახლოებით 67 ერთეული მეორე თაობის Honda CRX დაგხვდებათ, ასევე 20 ერთეული პირველი თაობის CRX და 29 ერთეული CRX del Sol-ი. თუმცა ეს მხოლოდ კოლექციის ნაწილია.
ფერმაში ასევე დაგხვდებათ სხვადასხვა თაობის Civic-ები, Accord-ები, Integra-ები და Prelude-ები, ასევე Acura RSX-იც კი. ხელმისაწვდომია შედარებით პრაქტიკული მოდელებიც, მათ შორის: CR-V, Element-ი, Odyssey და Pilot-ი. თუმცა ამ ავტომობილების დიდი ნაწილი დღეს უკვე უძრავად დგას, რაც ბევრისთვის, ალბათ, ცუდი ამბავი იქნება. ამის მიუხედავადაც, ფრიმენი დიდად ავტომობილების გაყიდვაზე არ დარდობს და ამბობს, რომ CRX Farm-ი უფრო მეტად იმ პირებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც ძველ Honda-ს ან Acura-ს აღდგენაზე მუშაობენ და ისეთი ნაწილები სჭირდებათ, რომლებიც მარტივად არ იშოვება.

ამას კი ძალიან მარტივი მიზეზი აქვს — ფერმაში თავმოყრილი ავტომობილების დიდი ნაწილი თითქმის 40 წლისაა და გზებიდანაც დიდი ხნის წინ გაქრა. მაგალითად, დღეს Honda Civic Wagon-ის ძველი თაობის გზაზე ხილვა დიდი იშვიათობაა.
ამ ფერმის ისტორია კი ერთი Honda CRX-ით დაიწყო:
თავდაპირველად ფრიმენს მსგავსი მასშტაბის კოლექციის შექმნა გათვლილი საერთოდ არ ჰქონია. ათწლეულზე მეტი ხნის წინ მან ახალი სამსახური დაიწყო, რომლის გამოც კილომეტრების გავლა სჭირდებოდა და, შესაბამისად, ეკონომიური ავტომობილის საჭიროებაც გაჩნდა. არჩევანი Honda CRX HF-ზე გააკეთა — მოდელზე, რომელიც მაშინ სრულად ახალი იყო და 100 კმ-ზე 4.3 ლიტრ საწვავს მოიხმარდა.

ფრიმენი ავტომობილს აქტიურად იყენებდა და როდესაც მისი შეკეთება გახდა საჭირო, ნაწილებისთვის მან მეორე CRX შეიძინა. ხოლო მათი გაყიდვის ნაცვლად — რადგან დიდი ინტერესი არ არსებობდა — გადაწყვიტა, ავტომობილები დაეშალა და ცალკეული ნაწილებით დაეწყო ვაჭრობა. ამის შემდეგ ერთი ავტომობილი მეორეს დაემატა და მცირე ბიზნესი უზარმაზარ კოლექციად გადაიქცა. დღეს CRX Farm-ში 275-მდე ერთეული Honda-სა და Acura-ს ნახვაა შესაძლებელი.