რუსეთსა და ჩრდ. კორეას შორის პირველი დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი გაიხსნა
რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ ქვეყნებს შორის დამაკავშირებელი პირველი საავტომობილო ხიდი გახსნეს. ხიდი მდინარე ტუმანნაიაზეა გადადებული და მოსკოვსა და ფხენიანს შორის მზარდი სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთ მნიშვნელოვან სიმბოლოდ მიიჩნევა.
დაახლოებით 1 კილომეტრის სიგრძის, 2-ზოლიანი საავტომობილო ხიდი საზეიმო ცერემონიის ფარგლებში გაიხსნა. ცერემონიის მიმდინარეობისას ხიდზე პირველი, დროშებით მორთული სატვირთო ავტომობილები გამოჩნდნენ, შემდეგ კი შეკრებილ პირებს ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა მიმართეს.
ქვეყნებს შორის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობის საკითხი წლების განმავლობაში განიხილებოდა. პროექტზე საბოლოო შეთანხმება 2024 წელს, ქვეყნების პირველ პირებს შორის, შედგა. მშენებლობა კი გასული წლის აპრილში დაიწყო. ხიდზე ყოველდღიურად 300-მდე ავტომობილის გადაადგილება იქნება შესაძლებელი.
ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის პირდაპირი საჰაერო და სარკინიგზო კავშირი უკვე არსებობს, თუმცა ქვეყნებს შორის ამ ორშაბათამდე სრულფასოვანი საავტომობილო გზა არ არსებობდა. 1959 წლიდან, სპეციალური შეთანხმების საფუძველზე, ავტომობილების გადაადგილებისთვის მეზობელ სარკინიგზო ხიდზე ხის ფიცრებს ათავსებდნენ. შედეგად, ათწლეულების განმავლობაში, ორ ქვეყანას შორის ერთადერთი სასაზღვრო გადასასვლელი სწორედ ეს ხიდი იყო.

რუსული მხარის განცხადებით, ახალი ხიდი საზღვრისპირა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე ქვეყნებს შორის ვაჭრობის, ეკონომიკური, სამეცნიერო, ტექნოლოგიური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. მათივე თქმით, რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობები „უპრეცედენტოდ მაღალ დონეზეა“, საავტომობილო ხიდის გახსნა კი „ნამდვილად ისტორიული მოვლენაა“.
ახალი ხიდით სარგებლობას ტვირთების გადასაზიდად დაუყოვნებლივ დაიწყებენ სატვირთო ავტომობილები. ხოლო უკვე წლის ბოლოდან ხიდი სრულად ამოქმედდება და მისი გამოყენება სამგზავრო ტრანსპორტისთვისაც იქნება შესაძლებელი.