ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის 26.5-კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია იგეგმება
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ1-კმ26 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასყიდად ტენდერი გამოაცხადა.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 69 188 499 ლარს შეადგენს. სატენდერო პირობების მიხედვით, წინადადებების მიღება 11 ოქტომბერს დაიწყება და 16 ოქტომბერს დასრულდება.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 26.5 კილომეტრის სიგრძის საგზაო მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია.
ტექნიკური დავალების შესაბამისად, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია:
- მოსამზადებელი სამუშაოები და მისასვლელი შიდა გზის მოწყობა;
- მიწის ვაკისისა და საგზაო სამოსის მოწყობა;
- არსებული სახიდე გადასასვლელების, რკინაბეტონის წყალგამტარი მილებისა და საყრდენი კედლების შეკეთება, ასევე ახლების მშენებლობა;
- საგზაო კვანძების, უსაფრთხოების კუნძულებისა და ავტობუსის გასაჩერებელი მოედნის მოწყობა;
- მიერთებებისა და ეზოებში შესასვლელების მოწესრიგება;
= გზის კუთვნილებისა და საინფორმაციო ბანერების (2 ცალი, 100 სმ X 200 სმ) მონტაჟი.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია სამუშაოები შემსყიდველისგან წერილობითი დავალების მიღებიდან 24 თვეში დაასრულოს.