როცა ალასკაში მთელი ქალაქი ერთი ბავშვის გადასარჩენად გაერთიანდა
ალასკას The Last Frontier-ს (უკანასკნელ საზღვარს) ტყუილუბრალოდ როდი უწოდებენ. ეს ჩრდილოეთით მდებარე შტატი მკაცრი კლიმატით, მეჩხერი დასახლებითა და უზარმაზარი ტერიტორიით გამოირჩევა. მისმა იზოლირებულმა ბუნებამ სრულიად უნიკალური იდენტობა ჩამოაყალიბა, სადაც საოცარ ამბებს ხშირად შეხვდებით. მაგალითად, სწორედ ალასკური ქალაქებია ნომი და ნენანა, რომელთა შორისაც დაავადებული ბავშვების გადასარჩენად ძაღლებშებმულმა მარხილებმა 1925 წელს ათასობით კილომეტრი გაირბინეს (სწორედ ამ მოვლენას ეძღვნება ლეგენდარული მულტფილმი „ბალტო“ და ფილმი „ტოგო“). ხოლო ისტორია, რომელიც ახლა უნდა გავიხსენოთ, უფრო ახლო წარსულში მოხდა, თუმცა ისიც სატრანსპორტო საშუალებებს ეხება...

რეგიონის მოწყვეტილობა მცხოვრებლებს ბევრ გამოწვევას უქმნის, თუმცა, ამავდროულად, ეს არის შესაძლებლობა, რომ გაჭირვების ჟამს ადამიანები ერთად დადგნენ. 2020 წლის აგვისტოში იგიუგიგის პატარა თემს სამედიცინო ევაკუაციის ჯგუფის დახმარების შანსი მიეცა. სოფელში მცხოვრებ ბავშვს სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია სჭირდებოდა, თუმცა უახლოესი დიდი ქალაქი 450 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა, ხოლო ადგილობრივი აეროპორტის განათება, რატომღაც, არ მუშაობდა.
ერთმა ადგილობრივმა შენიშნა, რომ სამედიცინო ავიაციის თვითმფრინავი დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდა, თუმცა დაჯდომას ვერ ახერხებდა. აეროპორტში გადარეკვის შემდეგ გაირკვა, რომ ასაფრენი ზოლის განათება არ ირთვებოდა. ნელსონის მეზობელმა სასწრაფოდ გადარეკა თანასოფლელებთან და სამოქმედო გეგმაც წამებში შეიქმნა.

სოფლის მოსახლეობა ათობით ავტომობილითა და ოთხთვალა კვადროციკლით ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გასწვრივ ჩამწკრივდა. თითოეულმა მძღოლმა პოზიცია ზოლის სანათებთან და მათ შორის არსებულ სივრცეებში დაიკავა. ავტომობილების მაშუქების სინათლემ ასაფრენი ბილიკი სრულად გაანათა, რისი წყალობითაც თვითმფრინავმა უსაფრთხოდ დაჯდომა შეძლო. პატარა პაციენტი ბორტზე აიყვანეს და ანკორიჯის საავადმყოფოში გადააყვანეს.
„ჩვენნაირ პატარა დასახლებაში ეს ჩვეულებრივი ამბავია, ახლა ვიგებ, რომ სხვა ადამიანებისთვის ეს რაღაც არაორდინალური ყოფილა, ჩვენთვის კი სრულიად ნორმალური მოვლენაა“, — განაცხადა ადგილობრივმა.
ხშირად ავტომობილებს მხოლოდ გადაადგილების საშუალებად აღვიქვამთ, თუმცა მათ შეუძლიათ საზოგადოების კეთილდღეობისთვის უდიდესი როლი შეასრულონ — იქნება ეს კრიტიკულ სიტუაციაში სიცოცხლის გადარჩენა თუ ფლორიდელი ბიჭუნას ისტორია, რომელსაც დაბადების დღეზე ეზოში „მაგარი მანქანების“ გამოჩენა უნდოდა და ადგილობრივმა ავტომოყვარულებმა ნამდვილი ავტოშოუ მოუწყეს.