ლუის ჰამილტონი, კლასიკური ავტომობილები, ფერარი, ფერარი ეფ40
Aa
Aa

ჰამილტონის ბავშვობის ოცნება ახდა | Ferrari F40-ს რესტავრაცია დასრულებულია

Formula 1-ის შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონმა, ლუის ჰამილტონმა, თავისი Ferrari F40-ის რესტავრაცია დაასრულა და აღდგენის პროცესი ვიდეოს სახით სოციალურ ქსელშიც გაავრცელა. 1991 წელს გამოშვებულმა იტალიურმა სუპერქარმა ავტოფარეხში დაახლოებით 35 წელი გაატარა და ამ პერიოდში არც კი დაქოქილა. შესაბამისად, აღდგენის პროცესი რთული იყო, თუმცა ეს მისია საკუთარ თავზე მარანელოშივე Ferrari-ს სპეციალისტებმა აიღეს.

ბრიტანელი მრბოლელისთვის F40 განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ავტომობილია. ჰამილტონი მის ფლობაზე ბავშვობაშივე ოცნებობდა და მას შემდეგაც, რაც ყველა ავტომობილი გაყიდა, განაცხადა, რომ ერთადერთი მოდელი, რომელსაც შეიძენდა, სწორედ F40 იქნებოდა. თანაც, ჰამილტონი ისეთ ეგზემპლარს ეძებდა, რომელსაც დაბალი გარბენი და საინტერესო ისტორია ექნებოდა.

საბოლოოდ, მან 1991 წლის Ferrari-ს მიაკვლია, რომლის ოდომეტრზე მხოლოდ 69 კილომეტრი იყო ასახული. ამის შემდგომ კი F40 ავტოფარეხში გააჩერეს და ათწლეულების განმავლობაში აღარც გამოუყენებიათ. მაშინ, როდესაც ლუისმა Ferrari-ს მიაკვლია, ის სულ მტვრით იყო დაფარული. სალონში კი ნარჩენები და მკვდარი მწერები იყო დაგროვილი. მიუხედავად მდგომარეობისა, მისი შეძენა და მოდიფიცირება გადაწყვიტა.

თავდაპირველად, ჰამილტონი Ferrari-ს უცვლელ მდგომარეობაში დატოვებაზეც ფიქრობდა, თუმცა საბოლოოდ ჩემპიონს ავტომობილის მართვის სურვილმა სძლია. ავტომობილი მარანელოში Ferrari-ს სპეციალისტებს გადასცეს და მათაც რესტავრაციის ხანგრძლივი პროცესი დაიწყეს.

რესტავრაციის დროს მოულოდნელი დეტალიც აღმოაჩინეს. Ferrari-ს ძრავაზე ნომერი 44 იყო დატანილი — იგივე რიცხვი, რომლითაც ჰამილტონი Formula 1-ში ასპარეზობს. ამ დამთხვევამ მოდელს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობაც შესძინა.

რესტავრაციის დასრულების შემდეგ ჰამილტონმა Ferrari-ს ძრავა სპეციალისტებთან ერთად გამოცადა. 2.9-ლიტრიანი ტვინტურბო V8 ათწლეულების შემდეგ კვლავ ამუშავდა და F40-მა თავისი დამახასიათებელი ჟღერადობაც გამოსცა. ამით ჰამილტონმა შეძლო, ბავშვობის ოცნების ავტომობილი მხოლოდ კოლექციაში კი არ შეენახა, არამედ თავადაც ემართა.

ცნობისთვის, Ferrari F40 კომპანიის დამფუძნებლის, ენცო ფერარის ხელმძღვანელობით შეიქმნა და ბრენდის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სუპერქარად იქცა. გამორჩეული დიზაინისა და სარბოლო ხასიათის გამო მოდელი დღემდე კოლექციონერების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლუის ჰამილტონმა 30 წლის წინ მიტოვებული Ferrari F40 შეიძინა და სრულად აღადგინა
ლუის ჰამილტონმა 30 წლის წინ მიტოვებული Ferrari F40 შეიძინა და სრულად აღადგინა