40-წლიანი ეპოქის დასასრული: BMW 3-Series დიზელის ძრავის გარეშე დარჩა!
40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, BMW 3-Series-ისა და დიზელის ძრავის სიმბიოზი ავტოინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე მყარ ტრადიციად ითვლებოდა. 1982 წელს (ლეგენდარულ E30 თაობაში) წარდგენილი პირველი 324d-დან მოყოლებული, საბარგულზე დატანილი ასო d ევროპელი მძღოლებისთვის წარმოუდგენელ ეკონომიურობასთან, ხანგრძლივ რესურსსა და მძლავრ მაბრუნ მომენტთან ასოცირდებოდა.
ასევე იხილეთ: როგორ დაიპყრო M3-მა მსოფლიო (ნაწილი 1)
თუმცა, ეპოქა დასრულდა: ახალი თაობის მე-3 სერიის საწარმოო ხაზში დიზელის აგრეგატები აღარ იქნება. მთავარი მიზეზი მკაცრი ეკოლოგიური რეგულაციები (მათ შორის მოსალოდნელი Euro 7 სტანდარტები) და წარმოების კოლოსალური ხარჯებია.
დიზელის ახალი აგრეგატების შემუშავება და სერტიფიცირება ასობით მილიონი ევრო ჯდება — იმ ფონზე, როდესაც მომხმარებლის ინტერესი დიზელის მიმართ მკვეთრად შემცირდა, BMW-მ ჩათვალა, რომ ამ რესურსების ინვესტირება ელექტრიფიკაციასა და ჰიბრიდულ ტექნოლოგიებში ბევრად უფრო მომგებიანი და პერსპექტიულია.

ახალი 3-Series აქცენტს სრულად ელექტროენერგიაზე აკეთებს. მომხმარებელს არჩევანის გაკეთება რამდენიმე ალტერნატივას შორის მოუწევს — პირველი ე.წ „მაილდ“ ჰიბრიდია — ბენზინის B48 ძრავები 48-ვოლტიანი ელექტროსისტემით, რომლებიც საწვავის მოხმარებას საგრძნობლად ამცირებენ. ხელმისაწვდომია დამუხტვადი ჰიბრიდის ვერსიაც — ეს აგრეგატი მხოლოდ ელექტროენერგიით თქვენს ბიემვის დაახლოებით 80 კილომეტრს გაატარებს. და, ცხადია, აქვეა სრულიად ელექტრონული BMW i3 Neue Klasse-ც ფლაგმანური ელექტრო-სედანი, რომლის სვლის მარაგიც 750 კილომეტრს აღწევს.

მიუხედავად იმისა, რომ 320d მოდელები ათწლეულების განმავლობაში ევროპული კორპორაციული ავტოპარკებისა და შორ მანძილზე მოგზაურთა ფავორიტი იყო, დღეს ევროპაში საგადასახადო შეღავათები სრულად ჰიბრიდებსა და ელექტრომობილებზე გადავიდა. დიზელის ეპოქა 3-Series-ისთვის ოფიციალურად დაიხურა, თუმცა ბავარიელები გვარწმუნებენ, რომ ახალი ჰიბრიდული და ელექტრონული სისტემები დიზელის დინამიკასა და ეკონომიურობას სრულად ჩაანაცვლებს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს