AMG-მ ახალი GT SUV-ი წარადგინა და ის 4-Door-ზე ბევრად ლამაზია
Mercedes-AMG-მ ახალი AMG GT SUV-ის პირველი ოფიციალური ფოტოები გამოაქვეყნა და — გულწრფელად რომ ვთქვათ — ჩვენი აზრით, ის ბევრად უკეთესადაც კი გამოიყურება, ვიდრე დაბალი, სედანის სტილის 4-Door Coupe.
რა თქმა უნდა, სიახლე ანალოგიურ AMG.EA ელექტრო პლატფორმაზეა აგებული და წინა თუ უკანა ოპტიკაც მსგავსი დიზაინის აქვს. თუმცა, SUV-ის შემთხვევაში ცხვირის ნაწილი შესამჩნევად გამოცოცხლებულია (შესაძლოა, ამის მიზეზი ის იყოს, რომ მთელი ცხაურა განათებული არ არის...)
ასევე იხილეთ: AMG-ის 7 გიჟური მოდელი, რომელიც ამ სამყაროდან არ არის
უკანა ნაწილში აქაც 6 წრიული ფორმის მაშუქი დომინირებს, მაგრამ შავი პანელი მათ უკან SUV-ის მკაცრ კორპუსზე ნაკლებად „დათრგუნულად“ გამოიყურება. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეს ალბათ ის უიშვიათესი შემთხვევაა, როდესაც ქროსოვერის ფორმამ ორიგინალ სედანს ვიზუალური ბრძოლა მოუგო.
მართალია, აფალტერბახში შექმნილ ამ მოდელს თავდაჯერებული SUV-ის იმიჯი აქვს, მაგრამ ინჟინრები მაინც ამტკიცებენ, რომ მანქანის სიმძიმის ცენტრი დაბალია, სილუეტი — დინამიკური, ხოლო მძღოლის პოზიცია — სპორტული. მართალია, რომ ტრადიციული ოფროუდერისთვის ეს მახასიათებლები უცხოა, თუმცა ისიც მართალია, რომ ტრადიციულ SUV-ებს არც 1153 ცხენის ძალა აქვთ!
დიახ, არ მოგესმათ — სწორედ ამ სიმძლავრეს გამოიმუშავებს ტოპ-ვერსია AMG GT 63 SUV-ი. პიკური სიმძლავრე, რომელიც ხელმისაწვდომია 63 წამის განმავლობაში, მანქანას საშუალებას აძლევს 0-დან 100 კმ/სთ-მდე სულ რაღაც 2.7 წამში აჩქარდეს, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე Driver’s Package-ით 270 კმ/სთ-ს მიაღწევს. ამ სიჩქარიდან დამუხრუჭებაზე კი სტანდარტული კარბონ-კერამიკული მუხრუჭები იზრუნებენ.
ბატარეები და უსწრაფესი დამუხტვა
მყიდველებს შეუძლიათ აირჩიონ იგივე 106 კვტ/სთ ბატარეა, რაც სედანს აქვს, ან SUV-ის დამატებითი სივრცით ისარგებლონ და უზარმაზარი 128 კვტ/სთ-იანი ბატარეა დააყენონ — მცირე ზომის ბატარეა ერთი დამუხტვით 585 კილომეტრის გავლას უზრუნველყოფს, ხოლო დიდი ბატარეა ამ მაჩვენებელს 700 კილომეტრამდე ზრდის.
ორივე ვერსია 800-ვოლტიან არქიტექტურასა და ფორმულა 1-იდან შემუშავებულ გაგრილების ტექნოლოგიას იყენებს. შესაბამისად, 106 კვტ/სთ ბატარეის დამუხტვა 600 კვტ სიმძლავრის დამტენით შესაძლებელია, რაც 10 წუთში 380 კილომეტრის მარაგის შევსებას გვპირდება. უფრო დიდი, 128 კვტ/სთ ბატარეა კი 710 კვტ-იანი სადგურიდან იმუხტება და მარაგის 10%-დან 80%-მდე შევსებას სულ რაღაც 12 წუთი სჭირდება.
ახალი AMG GT SUV-ი მძღოლს სთავაზობს აქტიურ უკანა ღერძის მართვას, მაბრუნი მომენტის განაწილებას, ცვალებად სრულამძრავიან სისტემას, აქტიურ აეროდინამიკასა და სისტემა AMG ACTIVE RIDE CONTROL+-ს — ეს სამსაფეხურიანი რეგულირებადი ჰაერის ზამბარებისა და ჰიდრავლიკური ამორტიზატორების კომბინაციაა, რომელიც სრულად აკონტროლებს მანქანის რყევებსა და მობრუნებებს მოხვევისას.
სედანის მსგავსად, აქაც გვაქვს შვიდი განსხვავებული სამართავი რეჟიმი, ყალბი V8 ხმები, სიმულირებული სიჩქარის გადართვები, და ინჟინრული კონტროლის სისტემები. სალონში წარმოდგენილია 14-დუიმიანი მულტიმედიის ეკრანი, ცალკეული 14-დუიმიანი მონიტორი წინა მგზავრისთვის და 10.2-დუიმიანი ციფრული ხელსაწყოთა დაფა. პანორამული მინის ჭერის გარდა, ავტომობილში ინტეგრირებულია სამი სხვადასხვა ხელოვნური ინტელექტის აგენტიც (ChatGPT, Microsoft Bing და Google Gemini).
ტოპ-ვერსიასთან ერთად, ხელმისაწვდომი იქნება შედარებით „მშვიდი“ ვარიანტებიც — AMG GT 55 SUV: სამი ძრავით, 805 ცხენის ძალითა და 100კმ/სთ-მდე 3.1 წამში აჩქარებით, ისევე როგორც, AMG GT 53 SUV-ი — საბაზისო ვერსია ორი ელექტროძრავით, სტანდარტული ფოლადის მუხრუჭებით, 537 ცხენის ძალითა და 100 კმ/სთ-მდე 4.2-წამიანი აჩქარებით.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს