ფორმულა 1, სუპერქარი, ლანდო ნორისი, მაკლარენი, მაკლარენი დაბლიუ1
Aa
Aa

„მისი სისწრაფე ცოტა მაშინებს“ | ლანდო ნორისი McLaren W1-ით აღფრთოვანებულია

Formula 1-ის ჩემპიონი, ლანდო ნორისი, McLaren-ის უახლესი სუპერქარის, W1-ის შესაძლებლობებს ახლა უკვე აეროდრომზე გაეცნო. 1 275 ცხენის ძალის მქონე ჰიბრიდულმა ავტომობილმა ბრიტანელი პილოტი იმდენად გააოცა, აღიარა კიდეც, რომ მისმა სისწრაფემ ცოტა არ იყოს შეაშინა.

ნორისი McLaren-ის გუნდთან თანამშრომლობას არა მხოლოდ ფორმულა 1-ში, არამედ ლე მანისთვის განკუთვნილი ახალი ჰიპერქარის შემუშავებაშიც მონაწილეობს. ახლა კი მან კომპანიის საგზაო სუპერქარის, W1-ის, გამოცდის შესაძლებლობაც მიიღო.

სიმბოლურია, რომ ნორისმა, რომელმაც 17-წლიანი პაუზის შემდეგ McLaren-ს F1-ის ჩემპიონის ტიტული დაუბრუნა, ავტომობილი იმავე „პორტიმაუს“ ტრასაზე გამოსცადა, სადაც ბრიტანული გუნდის ლე მანის ჰიპერქარიც გამოცადა.

McLaren W1 ჰიბრიდული სუპერქარია — 1 275 ცხენის ძალითა და 350 კმ/სთ-ის მაქსიმალური სიჩქარით. მოდელის ფასი 2 მილიონ გირვანქა სტერლინგს აღწევს. ავტომობილის წარმოება 399 ეგზემპლარით შემოიფარგლება და ყველა მათგანი უკვე გაყიდულია. ხოლო ორი ეგზემპლარი თავად McLaren-ის პილოტებისთვის, ლანდო ნორისისა და ოსკარ პიასტრისთვისაა განკუთვნილი.

ტრასაზე გამოჩენისთანავე ნორისმა გადაცემათა კოლოფის მექანიკური რეჟიმი აირჩია, რათა ავტომობილის მართვაზე სრული კონტროლი ჰქონოდა. ბრიტანელი მრბოლელი განსაკუთრებით სუპერქარის ორმა მახასიათებელმა — მოსახვევებში მოჭიდებამ და სისწრაფემ — გააოცა. „მოსახვევებში გაცილებით უკეთესი მოჭიდება აქვს, ვიდრე ველოდი“, — აღნიშნა ნორისმა.

W1-ის ჰიბრიდული სისტემა 4-ლიტრიან, ტვინტურბო V8 ბენზინის ძრავსა და ელექტროძრავას აერთიანებს. შიგაწვის ძრავის სიმძლავრე 915 ცხენის ძალაა, ელექტროძრავისა კი — 342 ცხენის ძალა. ელექტროაგრეგატის მეშვეობით სიმძლავრე მხოლოდ უკანა ბორბლებს გადაეცემა.

პორტიმაუს ტრასაზე გამოცდის შემდეგ ნორისმა შთაბეჭდილებები არ დამალა. McLaren-ის პილოტის თქმით, ამ ავტომობილის მართვა ფიზიკურ მომზადებასაც კი მოითხოვს. „სხეული მტკივა, საჭეს ძლიერად უნდა მოეჭიდო. იმედი მაქვს, რომ ხალხი ამისთვის მზადაა“, — განაცხადა ნორისმა.

ნორისის თქმით, W1-ის სისწრაფე იმდენად შთამბეჭდავია, რომ მის სამართავად მძღოლებს შესაძლოა სპეციალური მომზადებაც დასჭირდეთ. „მისი სისწრაფე ცოტათი მაშინებდა. ვფიქრობ, ამ მოდელის სამართავად მართვის მოწმობის სპეციალური კატეგორია უნდა არსებობდეს — რაღაც სუპერქარებისთვის განკუთვნილი“, — იხუმრა ნორისმა.

მიუხედავად ამ მცირედი შიშისა, ნორისი ავტომობილით იმდენად აღფრთოვანებული დარჩა, რომ აღიარა, საკუთარ ეგზემპლარსაც მოუთმენლად ელოდება. მისი W1 კი ბრიტანელის ავტოფარეხში, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში დაიდებს ბინას.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები