კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება: მონაკოს გრან პრი არ ჩატარდება
პირველად 1954 წლის შემდეგ, მონაკოს ქუჩებში ფორმულა 1-ს ბოლიდის ხმას ვერ გაიგონებენ. Automobile Club de Monaco-მ 2020 წლის სეზონის მონაკოს გრან პრი გაუქმებულად გამოაცხადა.
თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რბოლა, ნიდერლანდების და ესპანეთის გრან პრის მსგავსად, გადაიდებოდა, მაგრამ, საბოლოოდ, მისი გაუქმება გადაწყდა.
მონაკოს გრან პრი 21-24 მაისს უნდა გამართულიყო. ეს გრან პრი განსაკუთრებულია იმით, რომ ქალაქის ქუჩებში ტარდება.
„მონაკოს ისტორიული გრან პრი“, რომელიც ფორმულა 1-ს რბოლამდე უნდა გამართულიყო, ასევე გაუქმდა.
ორგანიზატორების განცხადებით, დღევანდელი პანდემიის ფონზე, როცა არავინ იცის, კორონავირუსის გავრცელება როდემდე გაგრძელდება, „რბოლის 2020 წელს ჩატარება გამორიცხულია“.
კიდევ რომელი რბოლა გაუქმდება და საერთოდ, იქნება თუ არა შესაძლებელი ფორმულა 1-ს 2020 წლის სეზონის ჩატარება, ამას მოგვიანებით, მსოფლიოში არსებულ მდგომარეობაზე დაკვირვებით შევიტყობთ.