Aa Aa
25 იანვარი 2021  |  11:48

ამ ავტომობილებს Fast & Furious-ში გადაღებაზე უარი უთხრეს

ყველა ავტომობილი ვარსკვლავობას არ იმსახურებს!

„ფორსაჟის“ ფილმებმა პოპულარობა ბევრ ავტომობილს მოუტანა: Mitsubishi Eclipse-დან დაწყებული Toyota Supra-თი დასრულებული. 2001 წლის ფილმმა ავტომობილები ნამდვილ სუპერვარსკვლავებად აქცია. თუმცა, იყო სხვა ავტომობილები, რომლებმაც, ასე ვთქვათ, შესარჩევი ტური ვერ გაიარეს.

ისინი ფილმის ტექნიკურმა მრჩეველმა კრეიგ ლიბერმენმა დაიწუნა.

უპირველეს ყოვლისა, პირველი ფილმი „დატიუნინგებულ“ ავტომობილებზე იყო ორიენტირებული. თანაც მხოლოდ ისეთი ავტომობილები სურდათ, რომელიც ამერიკის ბაზარზე ხელმისაწვდომი იყო. სიაში ვერ მოხვდა ზოგიერთი იშვიათი მასლქარი და სუპერქარი. გამონაკლისი ტორეტოს Dodge Charger-სთვის დაუშვეს.

ზოგი ავტომობილი, რომელიც ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა, ფილმში მაინც ვერ მოხვდა. პროდიუსერებმა უარი თქვეს Volkswagen Beetle-ზე, Mazda MX-5 Miata-სა და BMW Z3-ზე. მიზეზი კი ის იყო, რომ მათი აზრით, ეს ავტომობილები საკმარისად მამაკაცური არ იყო. ლიბერმენს ზოგ კაბრიოლეტზეც უარის თქმა მოუხდა, რადგან ასეთი ტიპის ავტომობილის გამოყენება დუბლიორებთან მუშაობას ართულებს.

სცენარის მიხედვით ბრაიან ო’კონორი ფილმში Mitsubishi 3000GT-ით უნდა გამოჩენილიყო. შესარჩევ ტურში 3000GT-ის ვერც ერთმა „დატიუნინგებულმა“ ვერსიამ პროდიუსერების მოხიბვლა ვერ შეძლო. Supra უკეთესი არჩევანი იყო, რადგან მას მოხსნადი გრძელი სახურავი ჰქონდა. რაც სატვირთოს დევნის სცენაში გამოსადეგი იქნებოდა.

ტორეტოს გუნდის წევრებს შესაძლოა სულ სხვა ავტომობილები ჰყოლოდათ. მაგალითად, ჯესისთვის E36 BMW M3 ან Audi S4 სურდათ. ბოლოს კი Mark III Volkswagen Jetta მიიღო. ვინსისთვის შერჩეული ავტომობილების სია Toyota MR2-ს, Lexus GS-სა და Honda Prelude-ს მოიცავდა. ლეონს Toyota Celica უნდა ჰყოლოდა.

სცენარის მიხედვით ტრენის ავტომობილი Ford Mustang-ი უნდა ყოფილიყო. საბოლოოდ, S2000 აირჩიეს. ეს მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ პროდიუსერებმა მოდიფიცირებული შავი S2000 დაინახეს, რომელიც ძალიან მოეწონათ. თეორიის მიხედვით, ცუდი ბიჭები ყოველთვის შავ ავტომობილებს მართავენ.  

გაზიარება: