Aa Aa
25 იანვარი 2021  |  12:55

პოლ ვოკერის უიშვიათესი BMW M1 აუქციონზე გასაყიდად გამოჩნდა

Fast and Furious-ის მსახიობის კოლექციის ნაწილი Bring a Trailer-ის აუქციონზე გადის და ის საკმაოდ ძვირად შეფასდება. 

BMW M1 ნამდვილად იშვიათობას წარმოადგენს. მას შემდეგ ბავარიულ კომპანიას არ უწარმოებია შუაძრავიანი მოდელის მემკვიდრე. BMW i8 დიდებული ავტომობილია, თუმცა, ის ისეთივე ცეცხლს ვერ ატარებს, როგორსაც სურათზე ნაჩვენები ავტომობილი.

ახლა კი კოლექციონერებს განსაკუთრებული მოდელის შესაძენად უნიკალური შანსი უჩნდებათ. M1 453 ეგზემპლარად გამოვიდა, ხოლო კონკრეტულად ეს ავტომობილი AE Performance-ის კოლექციას ეკუთვნის, რომელიც პოლ ვოკერმა როჯერ როდასთან ერთად შექმნა.

Bring a Trailer-ის აუქციონზე ვკითხულობთ, რომ მანქანა 1979 წელსაა გამოშვებული, ხოლო სადილეროში 1980-ში გამოჩნდა. გერმანულმა სადილერომ, AHG-მ, ავტომობილს მოდიფიცირება ჩაუტარა. მანქანამ გაზრდილ სიმძლავრესთან ერთად გაუმჯობესებული გამოსაბოლქვი სისტემა, სავარძლები, ექსტერიერი და BBS-ის ახალი დისკები მიიღო.

BMW M1-ში 3.5 ლიტრი მოცულობის ერთრიგა ძრავას იყენებდა, რომელიც ქარხნულად 277 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. თუმცა, AHG-ის მიერ გაუმჯობესებული ავტომობილების სიმძლავრე 350 ცხენის ძალამდე აღწევს. ძალოვანი აგრეგატი 5-სიჩქარიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან არის დაკავშირებული და ავტომობილი თვითბლოკირებადი დიფერენციალითაც არის აღჭურვილი. საინტერესო ფაქტია ისიც, რომ განცხადების მიხედვით, ავტომობილი კალიფორნიის გამონაბოლქვის ტესტს ვერ გაივლის.

ამ ავტომობილის ოდომეტრი ახლა 6 800 კმ-ს აჩვენებს და მისი იდეალური მდგომარეობა სურათებიდანაც ჩანს. M1-ის საწყისი ფასი 350 000$-ა და მაღალი ალბათობით ის ბევრად უფრო ძვირად გაიყიდება. აუქციონის დასრულებამდე კი ცხრა დღეა დარჩენილი.

გაზიარება: