Aa Aa
25 თებერვალი 2020  |  13:51

ძველი სკოლის BMW “M7”- ბრენდის მოყვარული BMW-ს პოლიტიკის წინააღმდეგ

BMW-ს ისტორიაში ყველა სერიას M მოდელი ერთხელ მაინც ჰქონია, გარდა ერთისა. ამ სერიის M ვერსიას ბევრი ითხოვდა, მაგრამ BMW-მ არ მოუსმინა მომხმარებელს და მოთხოვნა 2020 წლამდე დაუკმაყოფილებელი დატოვა. ადამიანი ძალიან გონივრული არსებაა და ყოველთვის სასურველ შედეგს ღებულობს, ამიტომ 2017 წელს სკოტ ჯონსონმა ყველასთვის სანატრელი BMW M7 შექმნა.

მანქანების აწყობამ სკოტი 13 წლიდან დააინტერესა. პირველი ავტომობილი Datsun 240Z გახდა, რომელიც სულ რაღაც 100$-ად იყიდა. მას შემდეგ ძალიან ბევრი „ნისანი“ აუწყია. ერთ მშვენიერ დღეს თავისი მორიგი საპროექტო Z32-ის ძრავის გადაწყობისას, ყოველდღიური საქმიანობისთვის მანქანის ყიდვა დასჭირდა. არჩევანი 1995 წლის BMW740i-ზე შეაჩერა.

სკოტს ისედაც ძალიან ბევრი მანქანა ჰყავდა და 740-ის გადაკეთებას არც აპირებდა, მაგრამ ავტომოყვარულებს ერთი სენი აწუხებთ: შეცვლი თუ არა ერთ დეტალს, ჯაჭვური რეაქციით ყველა დანარჩენი დეტალის შეცვლის სურვილიც გიჩნდება. სკოტს ზუსტად იგივე დაემართა.

თავიდან მანქანას ავტომატური გადაცემათა კოლოფი ჰქონდა, რომელიც, რა თქმა უნდა, მექანიკურით იყო შესაცვლელი. ასე დაიბადა BMW M7-ის პროექტი.

სკოტმა, თავის ძმასთან ერთად, Studio 62 ავტოსახელოსნო გახსნა, რომელიც BMW-ს სხვადასხვა ბაზაზე E39 M5-ის S62 ძრავის მორგებაზე იყო კონცენტრირებული. წლების განავლობაში 50-ზე მეტი ძრავა შეცვალეს. გასაკვირიც არაა, რომ სკოტმა 740i-ში ზუსტად რომ S62 ძრავის ჩადგმა გადაწყვიტა. მანქანის მომზადების მოტივაცია კი 2017 წლის Bimmerfest-ი გახდა.

მე-7 სერიაში S62-ის ძრავის ჩადგმა არასაკმარისად გამომწვევი აღმოჩნდა. სკოტმა გადაწყვიტა, რომ ძრავი 3 კვირაში უნდა შეეცვალა, რათა Bimmerfest-ისთვის მანქანა მზად ყოფილიყო. გახსოვთ, ჯაჭვურ რეაქციაზე რომ ვისაუბრეთ? ძრავის შეცვლას ყველა ჩობალის, ყველა საკისარის, ყველა მორგვის და დაკიდების სისტემის ცვლილება მოჰყვა. გარდა ამისა, სკოტმა M5-ის საჭის მექანიზმი და 3,15-იანი დიფერენციალი დააყენა.

გავიდა დრო და სკოტი მიხვდა, რომ 400 ცხენისძალა აღარ იყო მისთვის საკმარისი. ESS Tuning-ის კომპრესორის დამატებით მან 550-ცხენისძალიანი ძრავა მიიღო. მომატებული ცხენების დასამორჩილებლად ახალი RS2s-ის დისკები დააყენა.

2017 წელს 740i-ის დაბადების დღის აღსანიშნად, ჯონსონმა ავტომობილის ეკსტერიერისა და ინტერიერის განახლება გადაწყვიტა. უპირველეს ყოვლისა, დაშალა ავტომობილი და იმავე „იმოლა წითელი“ საღებავით მთლიანად შეღება. შავი პლასტმასის გაცვეთილი მოლდინგები ახლებით ჩაანაცვლა. დანარჩენ ცვლილებებეს რაც შეეხება, წინა ბამპერს „ალპინას“ სპოილერი დაემატა, უკან კი მეორე მაყუჩისთვის ადგილი ამოიჭრა.

 სალონში, რომ ჩაიხედოთ, აბსოლუტურად ქარხნული მოგეჩვენებათ. მხოლოდ სპეციალისტი თუ მიხვდება, რომ სალონი BMW-ს რამდენიმე მოდელის დეტალს იზიარებს. მულტიფუნქციური საჭე და მაჩვენებელთა დაფა M5-ისგან არის აღებული. სავარძლები F80-ის ნაირი ყავისფერი ახალი ტყავისგან დამზადდა.

თუმცა, ამით პროექტი არ დასრულებულა. ჯონსონის თქმით, სამომავლოდ „ბრემბოს“ მუხრუჭების და ახალი თავაკების დაყენებას აპირებს. ასევე ძრავას ძალაც უნდა მოუმატოს და ამის შემდეგ შეიძლება დაასრულოს პროქეტი. მაგრამ ვინ იცის, რა ახალი იდეები მოუვა სკოტ ჯონსონს?

და მაინც... ყველაფრი ჯაჭვური რეაქციის ბრალია, რომლესაც დასასრული არ აქვს, სწორედ ეს არის სიამოვნების მომტანი ისეთი ადამიანებისთვის, როგორიც სკოტ ჯონსონია.

ავტორი: გერმან ბუხალცევი

გაზიარება: