Aa Aa
28 მაისი 2021  |  10:24

5 ელექტრო ავტომობილი, რომლის შეძენაც $10 000-ზე ნაკლებადაა შესაძლებელი

საწვავის ფასების ზრდამ თავი მოგაბეზრათ? ელექტრო ავტომობილის შეძენაზე რას ფიქრობთ?

რა თქმა უნდა, Mercedes EQS-ი ყველასთვის ხელმისაწვდომი არაა, არც Tesla და სხვა ძვირადღირებული ავტომობილები, რომლის შესახებაც ხშირად გვესმის.

მეორადი ელექტრო ავტომობილები შესაძლოა თქვენთვის შესაფერისი აღმოჩნდეს. ასეთი ავტომობილის შეძენისას უდიდესი მნიშვნელობა ბატარეის სიცოცხლის ხანგრძლივობას ენიჭება. როგორც წესი, გაყიდვისას ბატარეის იმ გამძლეობას უთითებენ ხოლმე, რომელიც მას ახალ მდგომარეობაში ჰქონდა.

ავტომობილის გამოცდა ბოლომდე დამუხტულზე დაიწყეთ და დააკვირდით, რამდენად მალე ჯდება ბატარეა. ან ჰკითხეთ გამყიდველს, როგორ გამოითვალა ის მონაცემები, რასაც გეუბნებათ.

შეძენის შემდეგ, ჩაინიშნეთ, რამდენ კილომეტრს გადიხართ დღეში და როგორ აისახება ეს ბატარეაზე.

ელექტრო ავტომობილს ბევრი უპირატესობა აქვს. გარდა იმისა, რომ საწვავის ფულს დაგიზოგავთ, გარემოსაც ნაკლებად აბინძურებს.

10 000$-ზე ნაკლებად ბევრი EV-ს შეძენაა შესაძლებელი. ჩვენ მათგან 5-ზე გესაუბრებით.

Nissan Leaf

Nissan-მა Leaf-ი 2010 წელს 2011 წლის მოდელის სახელით გამოუშვა. მას შემდეგ ნახევარ მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. ასე რომ, ეს EV საქართველოშიც ადვილად ხელმისაწვდომია. Leaf-ი ერთ-ერთი პირველი EV იყო და, შესაბამისად, გარკვეული უარყოფითი მხარეებიც ჰქონდა. მაგალითად, მალე ჯდებოდა. 2011-1014 წლის მოდელებს 6 000$-ზე ნაკლებად შეიძენთ, თუმცა, უნდა გაითვალისწინეთ, რომ მას გამძლეობის პრობლემები ექნება. ამიტომ, ბატარეის მდგომარეობა ყურადღებით შეამოწმეთ.

Mitsubishi i-MiEV

ამ ავტომობილს 16კვ/სთ-იანი ბატარეით ახალ მდგომარეობაში 100 კილომეტრის გავლა შეუძლია. დღეს ზოგიერთ მოტოციკლს უფრო დიდი ბატარეა აქვს. თუმცა, ეს ავტომობილი საკმაოდ კომფორტულია. მასში ადგილი 4 ადამიანისთვის და საყიდლებისთვისაცაა. ყოველდღიური მოხმარებისთვის ის საკმაოდ კომფორტულია.

ის 3-ცილინდრიანი ბენზინის ძრავიანი იაპონური ავტომობილის გაფართოებული ვერსიაა, რომელიც საბოლოოდ სრულიად ელექტროდ გადააკეთეს. უკან მოთავსებული ძრავა 63 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, რაც ასეთი წონის ავტომობილისთვის საკმარისია. Mitsubishi i-MiEV უკანაწამყვანია და DeDion-ის დაკიდების სისტემა აქვს.

გარბენის მიხედვით ამ ავტომობილის შეძენა $5000 - $8000 ფარგლებშია შესაძლებელი. მონაცემთა დაფაზე ბატარეის თითოეული ზოლი თითოეულ კვ-ს წარმოადგენს. ამიტომ, ავტომობილის გამძლეობაზე დაკვირვება რთული არ იქნება.

Chevrolet Spark EV

ეს მცირე ზომის ავტომობილი საყვარლად გამოიყურება. მას უნიკალური პასტელური ფერები აქვს. Spark-ი EV Daewoo Tico-ს განვითარებაა. იმ 5-კარიანი ჰეჩბექის, რომელსაც Daewoo კორეაში GM-სთვის აწყობდა და შემდეგ ამერიკაში იყიდებოდა.

Chevrolet Spark EV საკმაოდ კომფორტული ჰეჩბექია. 2014 წლის მოდელს 21.3კვ/სთ-იანი ბატარეა ჰქონდა. 2015-2016 წლებში კი 19კვ/სთ-მდე შეამცირეს. მაქსიმალური გამძლეობა ბოლომდე დამუხტულზე 132კმ-ია. მეორადი ავტომობილის კი ნაკლები იქნება. 65 000+ კმ გარბენის მქონე 2014 წლის მოდელებს $7,000 - $8,000-ად შეიძენთ. ნაკლები გარბენის მქონე 10 000$ და მეტიც ღირს.

Fiat 500e

ეს ის ავტომობილია, რომელზეც Fiat Chrysler-ის აღმასრულებელი დირექტორი სერჯიო მარკიონე ამბობდა: „გთხოვთ, არ იყიდოთ! ყოველ ჯერზე, როცა თქვენ მას ყიდულობთ, მე  $10,000-ს ვკარგავ.” ეს გამოთქმა ისეთ ავტომობილებს უხდება, რომლებსაც შიგაწვის ძრავა ჰქონდა და გამონაბოლქვის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად ელექტროდ გადააკეთეს. Fiat-ს ეს გარდაქმნა კარგად გამოუვიდა. ამ ავტომობილის შეძენის შემთხვევაში Bosch-ის მოტორსა და ბატარეას მიიღებთ. ძრავა 111 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ახალ მდგომარეობაში კი ბოლომდე დამუხტულზე 135კმ-ს გავლა შეუძლია.

გასულ წელს ახალი მოდელი გამოვიდა, თუმცა, ის ჩვენი სიისთვის შეუსაბამოა. ყველაზე სარფიანი ვერსია 2015 წლის მოდელია, რომლის შეძენასაც $8,000-ად შეძლებთ.

Ford Focus Electric

ამ ავტომობილის 10 000$-ზე ნაკლებად შეძენა გაგიჭირდებათ. 2012 წელს მისი გამოსვლა Ford Focus-ის მესამე თაობის ჰეჩბექის სახით დაიწყო და 23კვ/სთ-იანი ბატარეა ჰქონდა. 2017 წელს კი 33.5კვ/სთ-იანი ბატარეით ჩაანაცვლეს. გამძლეობა 122კმ-დან 185კმ-მდე გაიზარდა. Magna-ს განვითარებული ძრავა 143 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ბატარეამ დიდი ადგილი დაიკავა, ამიტომ ბარგისთვის საკმარის სივრცეს არ უნდა ელოდოთ.

თუ გინდათ, რომ 10 000$-ში ჩაეტიოთ, მაშინ ოდნავ ძველი და შედარებით მაღალ გარბენიანი მოდელი უნდა აირჩიოთ. 2014-2015 წლის მოდელებს $9,000-ად შეიძენთ.

გაზიარება: