Aa Aa
2 მაისი 2022  |  10:32

ორიდან ერთი 1971 წლის Corvette ZR2 კაბრიოლეტი 1 მილიონზე მეტად შეფასდება

სურათზე ნაჩვენები 1971 წლის Chevrolet Corvette ZR2 უჩვეულოდ იშვიათი ავტომობილი გახლავთ. მულტიმილიონერები და მილიარდერები კი მის ხელში ჩასაგდებად იბრძოლებენ. ეს მანქანა Mecum-ის აუქციონზე 13-21 მაისს გავა. წინასწარი შეფასებით მოდელის ღირებულება 1-1.2 მილიონი დოლარი იქნება.

Chevrolet-მა Corvette ZR2 იმ სეგმენტისთვის შექმნა, ვისაც თავისი Vette-ით სარბოლო გამოცდილების მიღება სურდა. მოდელი რამდენიმე სპეციალური შეკვეთით დამზადებული ნაწილით აღიჭურვა. პაკეტს RPO ZR2 Special Purpose LSD6 Engine Package-ი დაერქვა, რაც 7.4-ლიტრიან ატმოსფერულ V8 აგრეგატსა და “Rock Crusher” 4-სიჩქარიან მექანიკურ კოლოფს გულისხმობდა.





დამატებით გაუმჯობესდა დაკიდების სისტემის კომპონენტები, ზამბარები, ამორტიზატორები და განივი მდგრადობის სტაბილიზატორები. ასევე, მწარმოებელმა უფრო დიდი ზომის რადიატორი და გაუმჯობესებული სამუხრუჭე დისკები დაამონტაჟა.

1971 წელს კომპანია Corvette ZR2-ებს 7 672$-ად ყიდდა, რაც დღეს 54 000$-ის ეკვივალენტია. იმ პერიოდისთვის ეს საკმაოდ მაღალი ფასი გახლდათ, რის გამოც, სულ 12 ეგზემპლარი შეიქმნა. მათგან კი მხოლოდ ორი იყო კაბრიოლეტი.




სურათზე ნაჩვენები Corvette ZR2 Convertible-ი ყველაზე დაბალგარბენიანი ZR2-ია ამ დროისთვის. ავტომობილის ოდომეტრზე მხოლოდ 14 000კმ-ია გამოსახული. ზოგადი მდგომარეობა წუნდაუდებელია. კორპუსი ულამაზეს ფერშია შეღებილი, რომელსაც Brands Hatch Green სახელწოდება აქვს. ასევე, მოდელს შავი კეცვადი სახურავი აქვს, ხოლო დამატებით კორპუსის ფერის ხისტი სახურავიც მოჰყვება. ეს კონკრეტული ავტომობილი ტიტულებითაც დაიკვეხნის. მის სახელს MCACN Triple Diamond Award-ი, NCRS Top Flight Award-ი და MCACN Concours Gold-ის მოგება უკავშირდება.

Mecum-ის აუქციონის განცხადებაში ნათქვამია, რომ ZR2 ასეთი მდგომარეობა რესტავრაციის გარეშე აქვს შენარჩუნებული. ეს მსოფლიოში ერთადერთი ZR2-ია, რომელიც არ არის რესტავრირებული.

ღირს თუ არა ეს ავტომობილი 1 მილიონი დოლარი? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: