Aa Aa
14 ივლისი 2022  |  09:53

რას ნიშნავს ე.წ. „სტროკერი“ და როგორ ზრდის ის მაბრუნ მომენტს

სიმძლავრის მოსამატებლად „სტროკერის“ კომპლექტი ერთ-ერთი საუკეთესო, თუმცა საკმაოდ შრომატევადი ალტერნატივაა.

ნებისმიერ ავტომოყვარულს, მაღალი ალბათობით, ერთხელ მაინც გაუგია სიტყვა „სტროკერი“ ან ზედსართავი - „გასტროკერებული“. ბევრი ჩვენგანისთვის კი ამ სიტყვის მიღმა არსებული მნიშვნელობა უბრალოდ გაუგებარი ყოფილა. სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში ამ თემას განვიხილავთ და შევეცდებით ყველაფერი ამომწურავად აგიხსნათ.

დღეს ავტომობილის მოდიფიცირება ძალზედ პოპულარული თემაა. ეს ხარჯიანი „სპორტი“ ენთუზიასტებისთვის ერთობ ამაღელვებელი და საინტერესოა. მანქანის შესაძლებლობების გაუმჯობესება მარტივი საქმე არაა და უამრავი ალტერნატივა არსებობს.

მოყვარულთა უმეტესობა, ცხენის ძალების მომატებას ჰაერის სპორტული ფილტრით იწყებს. ამ თემის შესახებ ჩვენ წინა სტატიაში ვისაუბრეთ, რომლის გახსნასაც, დაინტერესების შემთხვევაში, ამ ლურჯ სიტყვებზე ხელის დაჭერით შეძლებთ. ზოგიც ძრავის პროგრამირებას, იგივე ECU Tuning-ს მიმართავს. ნაწილიც საფუძვლიანად მოდიფიცირებისთვის ისეთ სერიოზულ ნაწილებს ცვლის, როგორიც ტურბინა, გაგრილება, შემშვები და გამშვები სისტემებია. ე.წ. „სტროკერის“ კომპლექტიც აგრეგატის საფუძვლიანი მოდიფიცირების კატეგორიას განეკუთვნება.

რას ნიშნავს „სტროკერის კომპლექტი“?

ეს არის სპეციალურად შემუშავებული ნაწილების ერთობლიობა, რომლებიც ძრავაში დგუშის სვლის სიგრძეს ზრდის. ეს ნიშნავს, რომ აფეთქებისას დგუში მაღლა და დაბლა უფრო მეტ მანძილს ფარავს. შედეგად, ცილინდრში მოხვედრილი ჰაერისა და საწვავის რაოდენობა იზრდება, რაც წვის ციკლს აძლიერებს. საბოლოო ჯამში კი მუხლა ლილვზე მეტი ენერგია მიდის, რაც მაბრუნებელ მომენტს ზრდის. გაზრდილ სიმძლავრეს კი ტრანსმისია ბორბლებზე ანაწილებს.


მექანიკურ დონეზე ძრავის „გასტროკერება“ საკმაოდ შრომატევადი პროცესი გახლავთ. ფაქტობრივად, ძრავა მთლიანად იშლება, ხოლო შიდა კომპონენტები იცვლება. გარდა ამისა, ქარხნული დეტალების ჩანაცვლებას უარყოფითი შედეგებიც შეიძლება ჰქონდეს.

„სტროკერის“ კომპლექტის დამონტაჟების შემდეგ, დგუშის უფრო აქტიური მოძრაობა ცილინდრს, თავად დგუშსა და გარშემო არსებულ დეტალებს მეტად ტვირთავს. იმისათვის, რომ ძრავამ გაზრდილ მაბრუნებელ მომენტს გაუძლოს და მწყობრიდან არ გამოვიდეს დამატებით სხვა კომპონენტების გაუმჯობესების საჭიროებაც იქმნება.

ძრავის „გასტროკერებისას“ უფრო ძლიერი მუხლა ლილვის დაყენება ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ამ ნაბიჯით სუსტი დეტალით გამოწვეულ ვიბრაციებსა და სხვა სერიოზული დაზიანებისგან თავის არიდებას შეძლებთ.

ძრავის „სტროკერის“ კომპლექტით აღჭურვის შემდეგ აგრეგატის მოქმედებაც შეიცვლება. ამისთვის კი მზად უნდა იყოთ. უნდა გაითვალისწინოთ, რომ დგუშის სვლის ზრდა ძალის აკუმულირებას დაბალ ბრუნებზე ახორციელებს. შედეგად, ძრავა მაღალ ბრუნებზე აღარ ადის, რაშიც მას დგუშის გაზრდილი სვლა უშლის ხელს. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ „სტროკერი“ ძრავა მაღალ ბრუნებზე სიფიცხეს კარგავს. მეტიც, ასე აგრეგატიც ბუნებრივი ხასიათი სრულად იცვლება, რაც მოყვარულთა ნაწილისთვის სრულად მიუღებელია. „გასტროკერება“ ხშირ შემთხვევებში მაშინ მუშაობს, როდესაც თქვენთვის ძალა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სისწრაფე.

ალბათ, უკვე მიხვდებოდით, რომ ძრავის „სტროკერის“ კომპლექტით აღჭურვა არც პროცესით და არც შედეგითაა სახუმარო ამბავი. სწორედ ამიტომ გირჩევთ, რომ თუ გამოცდილი მექანიკოსი არ ხართ თავად არაფერი სცადოთ. ეს ნამდვილი პროფესიონალების საქმეა, რომლებსაც დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ. ამ დროს ძრავა მთლიანად იშლება, მნიშვნელოვანი კომპონენტები იცვლება და ყველაფერი ხელახლა ყურადღებით იწყობა. ეს საკმაოდ დიდი პროცესია, რომლის დროსაც ერთი მცირედი შეცდომაც ძალოვანი აგრეგატის ჯართში ჩაბარებით შეიძლება დასრულდეს.

კომპლექსურობის მიუხედავად, სიმძლავრის მატებამ და შედეგმა შესაძლოა ძალზედ კმაყოფილი დაგტოვოთ. ასე აგრეგატიდან მაქსიმალური სიმძლავრის ამოღებას შეძლებთ.

„სტროკერის“ კომპლექტები ძირითადად ატმოსფერული ძრავებისთვისაა ხელმისაწვდომი. ეს ის შემთხვევაა, როდესაც სიმძლავრის გაზრდისთვის დამატებითი მოცულობა ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია. ტურბინიანი ძრავის შემთხვევაში უფრო მარტივი და იაფი გამოსავალი დიდი ზომის ტურბინის დამონტაჟება, შემდეგ ნაბიჯი კი ძრავის კომპიუტერის გადაპროგრამება გახლავთ. „გასტროკერება“ ამ დროს დამატებითი თავის ტკივილია, რადგან ძრავიდან ქარხნული ნაწილები არაქარხნულით იცვლება.

იმედია ჩვენი სტატიის წაკითხვის შემდეგ „სტროკერზე“ გარკვეული წარმოდგენა შეგექმნათ.

და მანქანის „გასტროკერება" ხომ არ გადაწყვიტეთ?

გაზიარება: