Aa Aa
11 მარტი 2022  |  10:45

არის თუ არა ჰაერის სპორტული ფილტრები რეალურად ეფექტური?

ჰაერის ფილტრი ძრავის მუშაობაში დიდ როლს ასრულებს. ფაქტობრივად ეს ის დეტალია, რომელიც აგრეგატს სუნთქვაში ეხმარება და მას ჰაერის სუფთა ნაკადს აწვდის. ჰაერის გამართული ფილტრი კი ძრავის მოქმედებაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს. მაშინ, როდესაც ძალოვან აგრეგატს, გამოსაცვლელი ფილტრის გამო, არასაკმარისი ჰაერი მიეწოდება მანქანა ე.წ. „ჩეკ ენჯინსაც“ ანთებს. მისი შეცვლის შემდეგ კი ყველაფერი თავის ადგილას დგება.

ავტომოყვარულები ჰაერის ფილტრს დიდი მნიშვნელობას ანიჭებენ. საქართველოში „ფარამოღებული მესამე სერიები“ ყბადაღებული თემაა, საიდანაც მრგვალი სპორტული ფილტრები იმზირებიან. ასეთი ტიპის ფილტრები „აფტერმარკეტი" გახლავთ. ქარხნული დეტალი ხშირად თავის ბუდეშია მოთავსებული. ე.წ. სპორტული ფილტრების უმეტესობა კი ღია გახლავთ. თუმცა, მათი სპორტულობა ძირითადად შემადგენელ სტრუქტურაზეა დამოკიდებული. 

არაქარხნული ავტონაწილების ბაზარზე ჰაერის ფილტრებს ხშირად გადააწყდებით. სხვადასხვა კომპანიები ირწმუნებიან, რომ მათი დიზაინის მიხედვით შექმნილი ეს დეტალი თქვენი ავტომობილის სიმძლავრესა და მაბრუნ მომენტს გაზრდის, რაც აქსელერაციაზე იმოქმედებს. თუმცა, რამდენადაა ახლოს ეს რეალობასთან?

ამის გასაგებად ერთ ექსპერიმენტზე მოგიყვებით, რომელიც ჯეისონ ფენსკიმ, Engineering Explained-ის ავტორმა ჩაატარა. სატესტოდ მან Subaru Crosstrek-ი და ჰაერის ოთხი სხვადასხვანაირი ფილტრი გამოიყენა. ერთი ქარხნული ფილტრი გახლდათ, რომელიც მანქანას მოყვა და მუშა მდგომარეობაში იყო; მეორე - Subaru-ს ორიგინალი ახალი ფილტრი; მესამე - CarQuest-ის დაბალფასიანი სათადარიგო; ხოლო ბოლო K&N-ის სპორტული ფილტრი გახლდათ.

ფენსკიმ თითოეული ფილტრით აღჭურვილი მანქანა დინამომეტრზე შეამოწმა და აქსელერაცია გაზომა. VBox-იც იქნა გამოყენებული იმისთვის, რომ დინამომეტრიდან აღებული მონაცემები რეალურ ცხოვრებაში გადათარგმნილიყო. შესამოწმებლად კი პირველი ქარხნული, გამოყენებული ფილტრი გამოსცადა.

პირველ ცდაზე Crosstrek-მა 158 ცხენის ძალა და 185ნმ აჩვენა. ეს შედეგი საკმაოდ უჩვეულო აღმოჩნდა, რადგან ქარხნულად მანქანა 148 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მიუხედავად ამისა, ტესტი ვალიდურობას ინარჩუნებს, რადგან ის ერთგვარი შესადარებელი ნიმუშია სხვა ფილტრებთან.

ამის შემდეგ ჯეისონმა ავტომობილს ქარხნული, ახალი ფილტრი დაუმონტაჟა. შედეგი 160.1 ცხენის ძალითა და 187ნმ-ით განისაზღვრა. როგორ ჩანს სუფთა, დეტალმა მცირედი გაუმჯობესება აჩვენა.

მესამე ეტაპი კიდევ უფრო შედეგიანი გამოდგა. CarQuest-ის ფილტრი Crosstrek-ს 163.3 ცხენის ძალისა და 190ნმ-ის მიღებაში დაეხმარა. არაქარხნულმა ფილტრმა სამი ცხენის ძალა მოამატა, რაც დიდი შედეგი არ გახლავთ, თუმცა აღნიშვნად მაინც ღირს.

ყველაზე ბოლოს K&N-ის ფილტრის ჯერი დადგა. მწარმოებლის მიხედვით, ეს ფილტრი ძრავისთვის საუკეთესოა და მისი დამონტაჟების შემდგომ მძღოლი მნიშვნელოვან გაუმჯობესებას იგრძნობს. შედეგი? Crosstrek-მა 164.3 ცხენის ძალა და 195ნმ აჩვენა. მიუხედავად იმისა, რომ ცხენის ძალებზე მცირედი განსხვავება აჩვენა, მაბრუნი მომენტი 5ნმ-ით გაიზარდა.

როგორ იქნა ეს მონაცემები მოპოვებული?

ჯეისონმა Crosstrek-ის შესაძლებლობები 30-100კმ/სთ-მდე და 70-100კმსთ-მდე გაზომა. დასვრილი და ქარხნული ფილტრით აღჭურვილმა მანქანამ თითქმის ერთი და იგივე დრო - 30-100კმ/სთ-მდე 9.01 და 70-100კმსთ-მდე 3.61 წამი დააფიქსირა. „აფტერმარკეტ“ ფილტრებმა კი ეს დრო მცირედით გააუმჯობესეს. K&N-ის კონფიგურაციით მანქანამ ამ ნიშნულებზე აჩქარებას 8.81 და 3.49 წამი მოანდომა.

დასკვნა

ჯეისონ ფენსკის ექსპერიმენტზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ე.წ. „აფტერმარკეტ“ ფილტრები წარმადობაზე მოქმედებს და აუმჯობესებს მას. თუმცა, ეს სხვაობა მნიშვნელოვანი არ გახლავთ.

სამწუხაროდ, ფაქტია, რომ მხოლოდ სპორტული ფილტრის დაყენებით და მაშუქის მოხსნით („იმისათვის რომ ძრავამ უკეთესად ისუნთქოს“) დიდძრავიან ავტომობილებს ვერ დაჩაგრავთ. გარდა ამისა, თუ სპორტული ფილტრის დაყენებას მოინდომებთ აუცილებელია, რომ მას ჰაერის ცხელი ნაკადების ზღუდე ჰქონდეს და აგრეგატს მაქსიმალურად ცივი ჰაერის ნაკადი მიაწოდოს. ხშირ შემთხვევაში სპორტული ფილტრის დაყენება მანქანის წარმადობას აუარესებს კიდეც. ამის თავიდან ასაცილებლად კი ჰაერის ცივი და ცხელი ნაკადების გაკონტროლება და ძრავის სხვა გაუმჯობესებები უნდა გაითვალისწინოთ.

თუ თქვენ მანქანის მოდიფიცირება გაქვთ გადაწყვეტილი, მაშინ ბევრ წვრილმან დეტალზე მოგიწევთ ყურადღების გამახვილება, რაც საბოლოო ჯამში მთლიან სურათზე იქონიებს გავლენას. ერთ-ერთი ასეთი წვრილმანი ძრავის კომპიუტერის გაუმჯობესება, ე.წ. ECU Tuning-ი გახლავთ. ჩვენს წინა სასარგებლო ინფორმაციათა სერიაში ამ საკითხზეც ამომწურავად ვისაუბრეთ. ECU Tuning-ზე სტატიას კი ამ ლურჯ სიტყვებზე დაჭერით გაეცნობით.

რას ფიქრობთ ამ ექსპერიმენტთან დაკავშირებით? როგორია თქვენი გამოცდილება? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში!

გაზიარება: