Aa Aa
23 მაისი 2022  |  10:30

ამ 1990 წლის Toyota Supra-ს სურს, რომ Lamborghini Reventon-ი იყოს

არა, ეს Lamborghini Reventon-ი არ არის. სურათზე 1990 წლის Toyota Supra-ა გამოსახული, რომელიც Lamborghini-ს ერთ-ერთ ყველაზე ექსკლუზიურ მოდელს დაამსგავსეს.

Supra-ს საკმაოდ უცნაური მოდელი ჰოლანდიის Markplaats-ის პლატფორმაზე გასაყიდადაა განთავსებული. მის სანაცვლოდ 21 100 ამერიკულ დოლარს ითხოვენ. 1990 წელს გამოშვებული Supra-თვის ეს საკმაოდ დიდი თანხაა. თუმცა, ამ გარდასახვისთვის წინა მფლობელს აშკარად დიდი ენერგია და ფინანსები აქვს დახარჯული.


პირველ რიგში, ნამდვილი Reventon-ის მსგავსად, ეს Supra „უჩინარ ნაცრისფერში“ არის შეღებილი. დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ეს ის საღებავი არაა, რომელიც Lamborghini-მ გამოიყენა. ფერი, ისევე როგორც კორპუსის ფორმები - ორიგინალს არის მიმსგავსებული. პანელები სპეციალურად ამ მსგავსებისთვის შექმნეს. თუმცა, დიზაინერს პროპორციები დაერღვა.


წინ აგრესიული ბამპერია, რომელსაც უზარმაზარი საჰაეროები აქვს. მის ზემოთ კუთხოვანი მაშუქები იმზირება. ჰაერის შემშვები ჭრილებია კაპოტზეც. პროფილში Supranton-ს გამოკვეთილი ქვედა პანელი ამშვენებს, რომლის ორივე ბოლოში შავში და ვერცხლისფერში შეღებილი დისკი ტრიალებს. ყველაზე უცნაური სანახაობა უკანაა. მიუხედავად იმისა, რომ Toyota-ს ძრავა წინ აქვს, მფლობელმა ძრავის ყალბი ხუფი უკან მაინც დაამზადა. უკანა ბამპერი და მაშუქები კი როლურ მოდელს მართლაც ჰგავს.

ავტომობილს მექანიკური მოდიფიცირება არ ჩაუტარეს. ეს ნიშნავს, რომ Supranton-ი 3.0-ლიტრიანი I6 ძრავითაა აღჭურვილი. ეს აგრეგატი ქარხნულად 238 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. Reventon-ისგან განსხვავებით ძალას აქ მექანიკური კოლოფი ანაწილებს.

რამდენიმე კვირის წინ ჩვენ Reventon-ის ერთ-ერთ ასლზე მოგიყევით, რომელიც Civic-ზე იყო დაფუძნებული. როგორ ფიქრობთ, ჯობია Supranton-ი ლურჯ Civicton-ს?

გაზიარება: