Aa Aa
27 მაისი 2022  |  16:49

1 850-ცხენისძალიანი Bugatti Bolide-ის გრგვინვა საოცარი მოსასმენია

Bolide-ი Bugatti-ის ერთ-ერთი ყველაზე არამიწიერი ავტომობილი გახლავთ. ფრანგულ ბრენდს ასეთი საუცხოო და მძლავრი მოდელი არასდროს შეუქმნია. ახლახან საჩვენებელი ეგზემპლარი Concours d’Elegance-ის ღონისძიებაზე, იტალიაში გამოაჩინეს.

Bolide-ის დებიუტი 2020 წლის ოქტომბერში შედგა. Bugatti-მ განაცხადა, რომ ეს ერთი გამოშვების მოდელი იყო, რომელიც ექსპერიმენტული კვლევისთვის შეიქმნა. მათ სურთდათ აეწყოთ მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც 4-ტურბინიანი, 8-ლიტრიანი W16 ძრავა ექნებოდა. 2021 წლის აგვისტოში კი მწარმოებელმა გეგმების შეცვლა გადაწყვიტა. Bugatti-მ დაადასტურა, რომ Bolide-ის საწარმოო ხაზი შეიქმნებოდა, რომელიც ჯამში 40 ეგზემპლარს ააწყობდა.


საინტერესო ისაა, რომ Bolide-ის საჩვენებელი ავტომობილი მხოლოდ პრეზენტაციებისთვის არაა შექმნილი. ფაქტობრივად, მანქანა სრულად ფუნქციურია. ის ზუსტად იმ 8-ლიტრიანი W16-ით არის აღჭურვილი, რომლის დახვეწაზეც კომპანია თითქმის ორი წელია მუშაობს. ამ ფორმაში აგრეგატი 1 824 ცხენის ძალასა და 1 850 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. წარმოიდგინეთ, ეს სამი M5 Competition-ის სიმძლავრის ჯამია. Bolide-ი კი 1 240კგ-ს იწონის, რაც ერთ M5 Competition-ზე 600კგ-ით ნაკლებია. სრული სიგიჟე!

Bolide-ის კონცეპტუალურმა მოდელმა 100კმ/სთ 2.17 წამში, 200კმ/სთ 4.36 წამში, ხოლო 300კმ/სთ 7.37 წამში განავითარა. 400კმ/სთ-ის მისაღწევად კი სულ რაღაც 12.08 წამი დასჭირდა. ყველაზე საოცარი იცით რა არის? Bolide-ს 500კმ/სთ-ის განვითარება შეუძლია, რისთვისაც 20.16 წამი სჭირდება. Bugatti-ში ამბობენ იმასაც, რომ ამ მოდელმა „ნიურბურგრინგის“ წრე 5:23 წამში დაფარა.

თუმცა, საწარმოო მოდელი შედარებით თავდაჭერილი იქნება. სიმძლავრე 1 578 ცხენის ძალამდე და 1 600 ნიუტონ მეტრამდე შემცირდება. Bugatti დააკორექტირებს წონასაც. სერიული Bolide-ი სასწორზე 1 450კგ-ს აჩვენებს. ეს ყველაფერი კი სიმძლავრისა და წონის შეფარდების ბალანსისთვისაა საჭირო.

Bolide-ის მფლობელები თავიანთ „რაკეტებს“ 2024 წელს მიიღებენ. მანამდე კი ისეთი კადრებით უნდა დავტკბეთ, როგორიც ზემოთ, ვიდეოშია მიბმული.

გაზიარება: