Aa Aa
31 ივლისი 2022  |  10:52

1988 წლის Mercedes-Benz 6.0 AMG Hammer Coupe უიშვიათესი ავტომობილია

დიდი ხნით ადრე, სანამ AMG GT Black Series-ი Nurburgring-ზე ყველაზე სწრაფი საწარმოო ავტომობილის სტატუსს მოიპოვებდა AMG-ი Mercedes-ის დაქვემდებარებაში არ გახლდათ. ეს კომპანია დამოუკიდებელი „ტუნინგ“ ატელიე იყო და ისეთ გიჟურ მოდელებს ქმნიდა, როგორიც სურათზე ნაჩვენები 6.0 Hammer Coupe-ა. ამერიკისთვის ჯამში სულ 13 ეგზემპლარი შეიქმნა. ხოლო სულ Hammer-ის 30 ეგზემპლარი არსებობს.

AMG-ის სხვა „ტუნინგ“ კომპანიებისგან ბევრი რამ გამოარჩევდა. ხშირად, როდესაც ცნობილი ატელიეს მიერ მოდიფიცირებულ ავტომობილებს ვხედავთ, მათზე რამდენიმე დეტალია შეცვლილი. სიმძლავრის გასაზრდელად კი ძრავის კომპიუტერის გადაპროგრამებას იყენებენ. Hammer-ის შესაქმნელად AMG-მ ყველაფერი თავიდან დაიწყო. ყველაზე მნიშვნელოვანი კი 3.0-ლიტრიანი ძრავის 5.5-ლიტრიანი V8-თი ჩანაცვლება იყო.



საფუძვლიანი მოდიფიცირება აგრეგატს იქამდე ჩაუტარდა, სანამ მას ძრავის განყოფილებაში განათავსებდნენ. შიდა დეტალების გაუმჯობესების შემდეგ მოცულობა 6 ლიტრამდე გაიზარდა. ზედა განლაგების ერთმაგი აირგამანაწილებელი ლილვი და ცილინდრზე ორი სარქველი ორმაგი აირგამანაწილებელი ლილვითა და ცილინდრზე ოთხი სარქვლით ჩანაცვლდა. შედეგად, ძრავა 385 ცხენის ძალასა და 564 ნმ-ს გამოიმუშავებდა.

ვიზუალური ცვლილებები იმდენად ორგანულად გამოიყურებოდა, რომ ავტომობილის სერიულ წარმოებაში ვერ დაეჭვდებოდით. ძრავის განყოფილებაც კი სუფთა და სადა იყო. ნატიფი ცვლილებებია ინტერიერშიც. სალონი ნაცრისფერ ფერშია გადაწყვეტილი, ხოლო გაფორმება ხისაა.



სურათზე ნაჩვენები მანქანა ამერიკული ბაზრისთვისაა გამოშვებული. მის ოდომეტრზე 31 200კმ-ია გამოსახული. მსურველებს მისი შეძენა შეუძლიათ. იღბლიან ავტომოყვარულს კი ხელში ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი მოდელი ჩაუვარდება.

როგორ ფიქრობთ, რამდენად შეფასდება ეს 6.0 Hammer Coupe? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: