Aa Aa
30 ივლისი 2022  |  12:29

Audi RS6 უკვე 20 წლისაა

Audi RS 6 20 წლისაა. „აუდიმ: რამდენიმე დღის წინ პრეს რილიზი გამოაქვეყნა, რომელიც სპორტული მოდელის მოკლე ისტორიას გადმოსცემს. ავტომობილი სედან ვერსიადაც გამოდიოდა თუმცა, საკულტო მოდელის სტატუსი Avant უნივერსალის ფორმით მოიპოვა.

21-ე საუკუნის გარიჟრაჟს Audi ავტოსპორტში დიდ წარმატებებს აღწევდა. მწარმოებელი 24 Hours of Le Mans-ს ზედიზედ სამი წელი იგებდა. ამის შემდეგ კი კომპანიამ სპორტული ავტომობილების შემადგენლობის გაფართოება გადაწყვიტა. იმ პერიოდისთვის RS-ის სახელი მხოლოდ A4-ს უკავშირდებოდა. მალევე კი ბრენდმა C5 თაობის A6-ის სპორტული ვერსიის გამოშვება განიზრახა.


2002 წელს ავტოსამყარომ C5 Audi RS 6 იხილა. მოდელი 4.2-ლიტრიანი V8 ძრავით იყო აღჭურვილი, რომელიც S6-დან გადმოიტანეს. თუმცა, RS ვერსიაში აგრეგატს ორი ტურბინა დაუმატეს. მისი პროგრამირება კი Cosworth-ს დაუკვეთეს. შედეგად, მანქანა 444 ცხენის ძალასა და 560 ნმ-ს გამოიმუშავებდა. ასეთი სიმძლავრის წყალობით, RS 6-ს 100 კმ/სთ-ის განვითარება 4.7 წამში შეეძლო. მაქსიმალური სიჩქარე 260კმ/სთ-მდე ელექტრონულად იყო შეზღუდული. მოგვიანებით Plus ვერსია გამოვიდა, რომლის სიმძლავრეც 473 ცხენის ძალამდე იყო გაზრდილი. მისი მაქსიმალური სიჩქარე 280 კმ/სთ-მდე იყო. მწარმოებელმა აშშ-ში მხოლოდ სედანი ვერსია, ისიც 2003 წლის მოდელი შეიყვანა. სულ 860 ეგზემპლარი შექმნა. ამ მიზეზით კი აშშ-ში C5 თაობის RS 6 საკმაოდ იშვიათია.

მეორე თაობის C6 RS 6 2008 წელს გამოვიდა. მოდელი 5-ლიტრიანი ორტურბინიანი V10-ით იყო აღჭურვილი. მანქანა 572 ცხენის ძალას და 650 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებდა. სიმძლავრის კოლოსალურად გაზრდის მიუხედავად, წინა თაობასთან შედარებით, 100კმ/სთ-მდე აჩქარება მხოლოდ 0.1 წამით გაუმჯობესდა.


C6-ის RS ვერსია შტატებში არ გაყიდულა. ოკეანის გადაღმა მხოლოდ S6-ის შეძენა იყო შესაძლებელი. მოდელი ზუსტად იმ 5.2-ლიტრიანი V10-ით აღჭურვილი, რომელიც Audi R8-ში და Lamborghini Gallardo-ში გვხვდებოდა.

Audi 8 ცილინდრს C7 თაობის RS 6-ით დაუბრუნდა, რომელიც 2013 წელს გამოჩნდა. 4-ლიტრიან ორტურბინიან V8-ს 552 ცხენის ძალა ჰქონდა, თუმცა, V10-ზე უფრო ძლიერი იყო. მაბრუნი მომენტი აქ 700 ნმ-ს შეადგენდა. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა აჩქარების დროც. 0-დან 100-მდე C7 3.9 წამში ჩქარდებოდა. მაქსიმალური სიჩქარე კი 305 კმ/სთ-ს აჭარბებდა.



აშშ-ში RS 6 2021 წელს, დიზაინშეცვლილი C8 Avant-ის ფორმით დაბრუნდა. 2019 წელს გამოსული C8 RS 6 Avant-ი ისევ 4-ლიტრიანი ორტურბინიანი V8 ძრავით იყო წარმოდგენილი. სიმძლავრე 591 ცხენის ძალამდე და 800 ნმ-მდე იყო გაზრდილი. ამ მოდელს 100კმ-სთ-ის განვითარება 3.6 წამში შეეძლო. მაქსიმალური სიჩქარე კი იგივე დარჩა.

ახალი RS 6 Avant-ის შეძენა სადილეროებში 117 595$-ად შეიძლება. ეს იაფი არ გახლავთ. თუმცა, თუ სპორტული, პრაქტიკული და მდიდრული ავტომობილის ფლობა გსურთ ეს ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია.

რომელია თქვენი ფავორიტი RS 6 მოდელი? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: