Aa Aa
25 აგვისტო 2022  |  10:24

Bugatti Mistral-ი: W16 ძრავის ეპილოგი

99-ვე მანქანა, თითოეული 5 მილიონ ევროდ, უკვე გაყიდულია.

აგვისტო გამორჩეული ავტომობილების სადებიუტო თვეა! ჯერ Bentley Batur-ი ვიხილეთ, რომელიც მწარმოებლის ისტორიაში ყველაზე მძლავრი ავტომობილია. შემდეგ Koenigsegg-მა CC850 გვიჩვენა, რომელიც უკვდავ დიზაინს აცოცხლებს და ინოვაციური კოლოფითაა აღჭურვილი. იქამდე Hennessey-მ Venom F5 Roadster-ის გამოგორებით მსოფლიოში ყველაზე სწრაფ ღიასახურავიან მოდელის სტატუსზე გააკეთა განაცხადი. ახლა კი Bugatti-ის ჯერიც დადგა.

W16 ძრავის ეპოქა მთავრდება. Bugatti-იმ 4-ტურბინიანი 8-ლიტრიანი ძრავით, უკანასკნელი მოდელი,  Mistral-ის სახელით გამოუშვა. Chiron-ზე დაფუძნებულ როდსტერს სახელი მდინარე რონეს ველის ქარის შთაგონებით დაარქვეს. ეს 1960 წელს გამოშვებულ Maserati-ის კუპესაც და Nissan-ის ერთ-ერთ მოდელსაც ჰქვია. ძველ ავტომობილებზე საუბრისას უნდა ვთქვათ ისიც, რომ მოლშეიმის ახალი უსახურავო მოდელი თავისი დიზაინით Type 57 Roadster Grand Raid-ს აცოცხლებს.

1930-იანი წლების გავლენა საქარე მინაზე და სახურავზე არსებულ ჰაერის შემშვებებზეც შეიმჩნევა. თანამედროვეობის კუთხით, Mistral-ი Divo-სა და La Voiture Noire-ის კომბინაციას ჰგავს. X-ის ფორმის მაშუქებით კი მოდელი ტრეკისთვის შექმნილ Bolide-საც მოგვაგონებს. მაშუქების ასეთი დიზაინი ძრავის უკეთესად გაგრილების საშუალებასაც იძლევა.






პირველად W16 ძრავიან Bugatti-ში კარის პანელებზე დაწნული ტყავია გამოყენებული. სიჩქარის ბერკეტი ალუმინის უზარმაზარი ნაწილითაა დამზადებული, რომელსაც ხის აქცენტები აქვს. თუმცა, სალონის ყველაზე გამორჩეული დეტალი როდსტერის სახურავია. W16 ძრავისა და ოთხი ტურბინის ჟღერადობის გულდასმით მოსასმენად ეს იდეალური გადაწყვეტა გახლავთ.

Mistral-ს ძრავა 1 577 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ეს ზუსტად ის აგრეგატია, რომლითაც Chiron Super Sport 300+-ია აღჭურვილი. ამ მოდელმა 2019 წელს 490 კმ/სთ განავითარა. ამ მოდელზე საუბრისას Bugatti-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „მიზანი მსოფლიოში ყველაზე სწრაფი როდსტერის შექმნა იყო“. რამდენიმე დღის წინ Hennessey-ს როდსტერზე დავწერეთ, რომ ის შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე სწრაფი როდსტერი ყოფილიყო. ძალიან მალე კი Bugatti-იმ Mistral-ი გამოაგორა, რომელიც Hennessey Venom F5 Roadster-ს ამ სტატუსის მოპოვებაში შეეცილება. იქამდე კი რეკორდი 2013 წელს გამოშვებულ Veyron 16.4 Grand Sport Vitesse-ს ეკუთვნის, რომელმაც 409 კმ/სთ განავითარა.





„ვეირონთან“ შედარებით „მისტრალს“ 400-ცხენისძალიანი უპირატესობა აქვს. მაღალი ალბათობით, Bugatti თავის რეკორდს მოხსნის. საინტერესო ისაა, რომ რამდენიმე თვის წინ კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ მწარმოებელი რეკორდების დამყარებას აღარ შეეცდებოდა.

Bugatti ჯამში სულ 99 Mistral-ს შექმნის, რომლის მიწოდებაც 2024 წელს დაიწყება. იქამდე მწარმოებელს Bolide-ის 40 ეგზემპლარი აქვს შესაქმნელი. ეს უკანასკნელი 4 მილიონი ევრო ღირს. „მისტრალის“ საწყისი ფასი კი 5 მილიონი ევრო იქნება. კომპანიამ წინასწარი შეკვეთები იმდენად  სწრაფად მიიღო, რომ მოდელის ყველა ეგზემპლარი უკვე გაყიდულია.

გაზიარება: