Aa Aa
27 აგვისტო 2022  |  09:53

ლოს ანჯელესის მაცხოვრებლები Fast and Furious 10-ის გადაღებებს აპროტესტებენ

ავტოენთუზიასტები და ფანტასტიკის ჟანრის მოყვარულები Fast And Furious-ის მეათე ნაწილის გამოსვლას ელიან. გადაღებები სხვადასხვა ადგილმდებარეობაში მიმდინარეობს. მათ შორის ლოს ანჯელესშიც, სადაც ადგილობრივი მაცხოვრებლები ამ ფაქტით მოხიბლულები არ არიან.

ანჯელინო ჰაითსში მცხოვრები ადამიანები ცნობილი ფილმის გადაღებებს აპროტესტებენ. ამ ადგილას პირველი ეპიზოდიც გადაიღეს, რომელიც 2001 წელს გამოჩნდა. ახლა კი მოსახლეობა მეათე ნაწილის გამოსვლას აპროტესტებს. 

„პროტესტს იმ 178 ადამიანის სიცოცხლის პატივსაცემად გამოვთქვამთ, რომლებიც ლოს ანჯელესში ქუჩის რბოლებისას დაიღუპნენ. ეს არალეგალური რბოლის წახალისებაა და Universal-ს უნდა რცხვენოდეს,“ - ნათქვამია ლოს ანჯელესის საბჭოში გაგზავნილ წერილში.



ალბათ, ახლა იკითხავთ - „ხომ მაგრამ Fast And Furious-ი დიდი ხანია, რაც გასცდა ავტოენთუზიასტებისა და ავტოკულტურის თემას" და მართალიც იქნებით. სწორედ ამიტომ Variety ამ ამბით დაინტერესდა და ისტორიულ სამეზობლოს ესტუმრა. ეს Bob’s Market-ია, სადაც ტორეტოს გამოგონილი მაღაზია იყო. ამ ადგილას მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ პრობლემა ფილმის გადაღებაში არ არის. პრობლემა ისაა, თუ როგორ იქცევიან აქ მოსული გულშემატკივრები. ალბათ, ყველაფერს ზემოთ ნაჩვენები სურათიდანაც მიხვდებით.

ჰელენ კიმმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ Bob’s Market-ის წინ არსებული ტერიტორია, მოდიფიცირებული და ხმაურიანი მაყუჩის მქონე ავტომობილების მფლობელების ნამდვილი მაგნიტია. ეს ადამიანები ამ ადგილას ე.წ. „დონატების“ ასრულებენ, ძრავებს მაღალ ბრუნებზე ამუშავებენ და მანქანებს აგრესიულად მართავენ. ეს ყველაფერი კი საფრთხეს ადგილობრივ მოსახლეობას უქმნის. შექმნილი სიტუაციით შეწუხებულ მაცხოვრებელს კი იქ შეკრებილი ქუჩის მრბოლელები იარაღითაც დაემუქრნენ. ეს კი სერიოზული პრობლემაა, რასაც ისინი აპროტესტებენ კიდეც. 

თუმცა, ზოგი ადამიანი გადაღებებით მაინც კმაყოფილია. ისინი ამბობენ, რომ ფილმის გადაღებისას შექმნილი სირთულეების გამო მათ პროდიუსერები ფინანსურ კომპენსაციას უხდიან. ამ ფაქტორის გამო კი სამეზობლოში აზრთა სხვადასხვაობაა.  

გაზიარება: