Aa Aa
26 აგვისტო 2022  |  13:10

ოფიციალურად: Audi 2026 წლიდან ფორმულა 1-ში გამოჩნდება

დიდი ხნის ხმები ავტომწარმოებელმა ოფიციალურად დაადასტურა.

ბელგიის გრან პრიმდე Audi-მ ფორმულა 1-ში მონაწილეობაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა. ეს Volkswagen-ის გუნდისგან პირველი სერიოზული ნაბიჯია.

2026 წლიდან ფორმულა 1-ში ძრავების რეგულაციები იცვლება. სწორედ 2026 წელს Audi და Porsche ამ სპორტში გამოჩნდებიან. როგორც ცნობილია, Porsche Red Bull-ის გუნდთან ითანამშრომლებს. 

Audi ფორმულა 1-ის რეგულაციებზე მორგებულ ძრავას ნოიბურგში ააწყობს. ამ ოპერაციის ხელმძღვანელი ადამ ბეიკერი იქნება. 

„ავტოსპორტი „აუდის“ დეენემის განუყოფელი ნაწილია. 2026 წელი, როცა რეგულაციები შეიცვლება, Audi-სთვის სწორი დრო იქნება“, - ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი მარკუს დუესმანი. 

Audi-ს ჯერ პარტნიორი გუნდი არ ჰყავს, თუმცა, ამ პრობლემას წლის ბოლომდე მოაგვარებს. სავარაუდოდ, გერმანელი ავტომწარმოებელი Sauber-თან ერთად იმუშავებს. 

„ჩვენი სპორტისთვის ეს მნიშვნელოვანი მომენტია. ჩვენი ძალა გლობალურ პლატფორმაზე სულ უფრო იზრდება. 2026 წლიდან მდგრად საწვავიან ჰიბრიდულ ძრავებზე გადასვლა საავტომობილო სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პელეტონში Audi-ს ლოგოს დანახვას მოუთმენლად ველით და დანარჩენ დეტალებში მოგვიანებით გაგვარკვევენ“, - ამბობს ფორმულა 1-ის ხელმძღვანელი სტეფანო დომენიკალი. 

Audi-ს განცხადების შემდეგ, Porsche-ს ოფიციალურ განცხადებასაც უნდა ველოდოთ. თუმცა, ამ ბრენდის გეგმები ფორმულა 1-ში ფართო საზოგადოებისთვის უფრო ცნობილია, ვიდრე Audi-ს.

გაზიარება: