Aa Aa
8 სექტემბერი 2022  |  11:25

17-მილიონიანი Pagani Zonda HP Barchetta ფესტივალზე დაიმტვრა

ავარიისას არავინ დაშავებულა, მაგრამ 3 გამოშვებული მოდელიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვნად დაზიანდა.

ხორვატიიდან ერთი კარგი და ერთი ცუდი ამბავი გვაქვს. სურათებზე და ვიდეოში თქვენ Pagani Zonda HP Barchetta-ს ხედავთ, რომელიც დაიმტვრა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა და ყველა უვნებლად გადარჩა. ეს კარგი ამბავია. ცუდი ამბავი ისაა, რომ ავარიაში Pagani-ის უიშვიათესი მოდელი მნიშვნელოვნად დაზიანდა. უიშვიათეს მოდელში კი დედამიწაზე 3 ეგზემპლარად არსებულ Zonda HP Barcetta-ს ვგულისხმობთ.


ეს Zonda მონაწილეობას Supercar Owners Circle-ის ღონისძიებაზე, ხორვატიაში იღებდა. ავარიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია. კადრში, თავდაპირველად, Apollo IE ჩანს (ასევე უიშვიათესი). მას უკან Zonda HP Barchetta დისტანციაზე მიჰყვება. არც ერთი მათგანი სწრაფად არ გადაადგილდებოდა, მაგრამ მალევე Zonda-ს კუდი ასფალტს მოწყდა. განიერი ჰიპერავტომობილი ვიწრო გზაზე საპირისპირო მხრიდან მომავალ ავტომობილს დაეჯახა.


შემთხვევა 2 სექტემბერს მოხდა. ამ ავარიის ამსახველი კადრები ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა.

Pagani-ის დაზიანება საკმაოდ მძიმეა. მძღოლის მხარეს არსებული ყველა პანელი განადგურებულია. წინა და უკანა დისკი გატეხილია. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მანქანის დაკიდების სისტემის უკანა ნაწილი ჩამოიშალა. შედეგად, ავტომობილს უკანა ბორბალი მექანიკურ დეტალებთან ერთად მოძვრა. გარდა ამისა, არავინ იცის რა დაზიანება იმალება კარბონის კორპუსის ქვეშ.

ასეთი იშვიათობის გამო Zonda HP Barchetta ძალზედ ღირებული ავტომობილია. ბოლოდროინდელი მონაცემების მიხედვით, ამ მანქანის ღირებულება 17 მილიონი დოლარია. ეს ნიშნავს, რომ ამ ავტომობილის შეკეთების ხარჯებიც საოცრად დიდი იქნება. მანქანებს სიცოცხლეს დავუბრუნებთ. ადამიანებს კი - ვერ. საბედნიეროდ ეს შემთხვევა მსხვერპლის გარეშე დასრულდა.

გაზიარება: