Aa Aa
29 ოქტომბერი 2022  |  12:00

2 536-ცხენისძალიანი შერკინება - McLaren Speedtail Vs. Bugatti Chiron

McLaren Speedtail-ი და Bugatti Chiron-ი ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი სუპერქარებია, რაც ავტოინდუსტრიას ოდესმე უნახავს. მიუხედავად გარკვეული მსგავსებებისა, ეს ორი მანქანა სიმძლავრეს განსხვავებულად გამოიმუშავებს, რაც სიჩქარის განვითარებაზეც მოქმედებს. თუმცა, როდესაც ეს მოდელები ერთმანეთს ეჯიბრებიან, მაშინ შედეგები საოცრად თანაბარია.

DragTime-ი The Triple F Collection-თან გაერთიანდა იმისთვის, რომ ამ ორ ჰიპერქარს შორის ოთხი ორთაბრძოლა მოეწყო. ვინც არ იცით, შეგახსენებთ, რომ Speedtail-ი 1 036-ცხენისძალიანი მონსტრია, რომელიც ჰიბრიდულ სისტემას იყენებს. ეს ავტომობილი 1 597 კგ-ს იწონის. მის მოწინააღმდეგე Chiron-ს 1 500 ცხენის ძალა აქვს, თუმცა მისი წონა 1 900 კგ-ს აჭარბებს. ეს უკანასკნელი სიმძლავრეს 4-ტურბინიანი W16 ძრავით გამოიმუშავებს და ელექტრო მხარდაჭერა არ აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ გაშვების კონტროლის სისტემა ორივე მოდელს აქვს, მძღოლებს მათი ადგილიდან დაძვრა მაინც უჭირთ. ამ მიზეზით, მათ ჰიპერქარების აქსელერატორების ბოლომდე ჩაჭერა 64 კმ/სთ-დან (40 მილი/საათი) გადაწყვიტეს. ასეთ ფორმატში პირველი სამი რბოლა ძალზედ თანაბრად დასრულდა. Speedtail-ი ფინიშის ხაზთან Chiron-ს კორპუსის ნახევრით ასწრებს და გამარჯვებულიც რჩება.

თუმცა, შემდეგ რბოლებში სცენარი ძალზედ საინტერესოდ და დრამატულად ვითარდება. ფრანგული „ჰიპერქარი“ ბოლოს დამაჯერებლად იგებს. წამყვანების თქმით, Speedtail-ის ელექტრო ბატარეები ბოლომდე არ იყო დამუხტული. იმისათვის, რომ მანქანამ სრული სიმძლავრე გამოიყენოს ელექტრო სისტემა 90%-ს მაინც უნდა აჩვენებდეს. ამ შემთხვევაში კი მანქანა მხოლოდ 15%-ზე იყო დამუხტული.

არ შეიძლება უგულებელვყოთ Bugatti-ის შესაძლებლობები მაღალ სიჩქარეებზე. კადრებში Chiron-ის უპირატესობა და სიმძლავრე კარგად ჩანს. როგორც ხედავთ, წონის მიუხედავად, მაღალ სიჩქარეებზე სიმძლავრე თავის როლს თამაშობს. ამ მწვერვალზე კი ფრანგული „სუპერქარის“ დაჯაბნვა ურთულესია.

და მაინც, რომელი ავტომობილია ამ ორიდან თქვენი რჩეული? ელოდით ასეთ შედეგს? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: