Aa Aa
9 ოქტომბერი 2022  |  11:40

უკანაწამყვანი Audi R8 V10 GT სუპერქარის გედის სიმღერაა

ბოლო შიგაწვისძრავიანი R8 მხოლოდ 333 ეგზემპლარად აიწყობა.

ვიცოდით, რომ ეს დღეც მალე დადგებოდა და, აი, ისიც: ბოლო შიგაწვისძრავიანი Audi R8. V10-ის ერა დასასრულს უახლოვდება. Audi 5.2-ლიტრიან ძრავას ემშვიდობება. შუაძრავიან სუპერქარის ბოლო ვერსია უკანაწამყვანია. თანაც GT ვერსია შედარებით მსუბუქია.

ახალ R8 GT-ს 612 ცხენის ძალა აქვს და Quattro მოდელს არაფრით ჩამორჩება. დიდი განსხვავება ისაა, რომ ძალა უკანა თვლებს მიეწოდება და 7-სიჩქარიანი, ორმაგი გადაბმულობის გადაცემათა კოლოფი უფრო სწრაფია. მაბრუნი მომენტი - 565ნმ.

R8 V10 20 კილოგრამით მსუბუქია და ჯამში 1570 კილოგრამს იწონის. დისკები 20-იანია, საბურავები - Michelin-ის Sport Cup 2. 

უფრო მეტი ძალით, ნაკლები წონითა და უფრო სწრაფი გადაცემათა კოლოფით, უკანაწამყვანი Audi R8 V10 GT 0-100კმ/სთ-მდე 3.4 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე - 320 კმ/სთ.

გარეგნულად, სხვა R8 მოდელებისგან გამოსარჩევად, უკანაწამყვან ვერსიას ჩაშავებული ლოგო აქვს. კომპანიის ბოლო მოდელი ნაცრისფერშია შეღებილი. კლიენტებს წითელი ფერის არჩევაც შეეძლებათ.

2010 წლის R8 GT-ს მსგავსად, სალონში წითელი აქცენტებია. ეს მოდელი მხოლოდ 333 ეგზემპლარად გამოვა.

უკანაწამყვანი R8 GT სადილეროებში 2023 წელს გამოჩნდება. გერმანიაში ამ ავტომობილის ფასი €225,000-დან დაიწყება.

გაზიარება: