Aa Aa
18 ნოემბერი 2022  |  10:00

იაპონური ფრანკენშტაინი - Mazda RX-7 Toyota Supra-ს ცხვირით

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მკითხველთან ერთად გიჟურ პროექტებსა და რენდერებს თვალი შევაჩვიეთ, ინტერნეტსივრცე ჩვენს გაკვირვებას მაინც ახერხებს. ამ სტატიაში საქმე გრაფიკულ გამოსახულებასთან არ გვექნება. სურათზე ნაჩვენები ავტომობილი რეალურად არსებობს და ის იმდენად კარგად არის გაკეთებული, რომ მსგავსის შექმნა ციფრულად უფრო რთული იქნება. ამ Mazda RX-7 FD-ს სახის ტრანსპლანტი გაუკეთესეს და ახლა ის წინიდან Toyota Supra MK4-ია. ამ ორი ავტომობილის დიზაინერული შტრიხები ერთმანეთს მოულოდნელად კარგად ერწყმის.

ეს უნიკალური ავტომობილი დილან კრუკმა შექმნა. როგორც მისი Intagram-ის პროფილიდან ვიგებთ, პროექტი რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. შედეგი კი გასაოცარია. თუმცა, „სტენს“ კულტურის დისკები ყველა მოყვარულის გემოვნებაში არ ჯდება.


დილანმა თავისი მოდელი Supra-ს ორიგინალი მაშუქებით აღჭურვა, რომელსაც შავი ფონი აქვს. ასე ამ RX-7-ის გამოხედვა მეტად ორგანულად გამოიყურება. „აფტერმარკეტ“ ბამპერი, ექსტერიერის ფერთან ერთად, Fast and Furious-ის ატმოსფეროს ქმნის. რაც შეეხება წინა ფრთებს, ისინი კორპუსზეა მორგებული და შესაბამისი ფორმა აქვს მიცემული.

მანქანის RX7-ის ნაწილს დადაბლებული ლარტყები, უკანა ბორბლის განიერი თაღები, უფრო ღრმა უკანა ბამპერი და წყვილი მაყუჩები აქვს. საინტერესო ისაა, რომ საბარგულს დიდი სპოილერი არ ამშვენებს, რაც Mazda RX7-ის მოდიფიცირებულ მოდელებზე იშვიათობაა. დიზაინის საბოლოო დეტალი კი ასფალტთან მაქსიმალურად მიახლოებული კორპუსი და არაქარხნული, უზარმაზარი დისკებია.


View this post on Instagram

A post shared by @largestorange

უცხოპლანეტელისთვის, რომელიც დედამიწაზე ახლახან დაეშვა ეს Mazda Supra ქარხნული ავტომობილი აუცილებლად ეგონება. ავტომოყვარულებისთვის კი ეს მანქანა ნამდვილი თავსატეხია.

საინტერესო ისაა, რომ Intagram-ის პლატფორმაზე შეკრებილ მოყვარულებს დილანის ნამუშევარი ძალზედ მოეწონათ. თქვენ რას ფიქრობთ ამ Mazda Supra-ზე? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: