Aa Aa
14 დეკემბერი 2022  |  11:36

პოლიციელმა კლიმატის აქტივისტი იქამდე დაიჭირა, სანამ თავს ავტობანზე მიიწებებდა

ბოლო პერიოდში კლიმატის აქტივისტები გააქტიურდნენ. რამდენიმე კვირის წინ ჩვენ მათი პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთ უხეშ მეთოდზეც მოგიყევით. თუმცა, როგორც ჩანს, ყველაფერი აქ არ დასრულებულა.

ახლახან კლიმატის აქტივისტი იქამდე მოაცილეს გზატკეცილს, სანამ ის ასფალტზე თავს მიიწებებდა. შემთხვევა გერმანიის ავტობანზე მოხდა, რომელიც მიუნხენსა და ბერლინს აკავშირებს. ვიდეოში, რომელიც ქვემოთ არის მიბმული, კარგად ჩანს თუ როგორ მიათრევს პოლიციელი დემონსტრანტს.

მალევე გაირკვა, რომ აქტივისტი Last Generation-ის წევრი იყო. ამ ორგანიზაციას სათავეში სტუდენტები უდგანან. მათი მიზანია, რომ საზოგადოება კლიმატურ ცვლილებებს მეტი სერიოზულობით მოეკიდოს. როგორც ზემოთ ვახსენეთ, სახალხო პროტესტის ტალღა მზარდია და უკვე საკმაოდ დიდი ყურადღებაც მიიპყრო.

გასულ ოქტომბერს, Extinction Rebellion France-ის აქტივისტებმა პარიზის ავტოჩვენებაზე თავი კლასიკური Ferrari-ის კაპოტზე მიიწებეს. ისინი საავტომობილო ინდუსტრიასაც ლანძღავდნენ და ამბობდნენ, რომ „მწვანე ავტომობილები“ კიდევ ერთი სიყალბეა (მინიშნება ელექტრომობილებზე).

კიდევ ერთი ჯგუფის აქტივისტებმა, რომელიც “Scientist Rebelion-ის“ სახელით არის ცნობილი, Porsche-ს გამოფენაზე ავტომობილის საჩვენებელ მოედანზე მიიწებეს თავები. მათი პროტესტი 30 საათს გაგრძელდა. ისინი გერმანიის ავტობანზე სიჩქარის შეზღუდვის 100 კმ/სთ-მდე დაწევას ითხოვდნენ. მათი მტკიცებით, ასე სათბურის ეფექტის დაბინძურება წელიწადში 5.4 მილიონი ტონით შემცირდებოდა.

მოიუხედავად იმისა, რომ მათი პროტესტი მშვიდობიანია, აქტივისტები მაინც დააჯარიმეს. ჩვენს დღევანდელ გმირს კი ასფალტზე ხოხიალიც მოუწია.

გაზიარება: