Aa Aa
1 მარტი 2023  |  10:04

ეს უიშვიათესი Mercedes-Benz AMG Hammer-ი 600 000$-ზე მეტად შეფასდება

ამ Mercedes-Benz AMG Hammer-ის სედანს რესტავრაცია Renntech-მა ჩაუტარა.

რამდენიმე დღეში ჩრდილოეთ ამერიკისთვის გამოშვებული 13 ეგზემპლარიდან ერთ-ერთი, Mercedes-Benz AMG Hammer-ი, აუქციონზე გასაყიდად გავა. ექსპერტების პროგნოზით, მანქანა 575 000-625 000$-ის ფარგლებში უნდა გაიყიდოს.

ამ ძალზედ სასურველმა Mercedes-მა ქარხანა 300E-ის სახელით დატოვა. მისი ფასი 39 500$ იყო. შესყიდვიდან მალევე ავტომობილი AMG North America-ს სათავო ოფისში გააგზავნეს. ამ გარდაქმნის შემდეგ კი მოდელის ფასი 97 988$-ით განისაზღვრა. 



Broad Arrow Auction-ის განცხადებიდან ვიგებთ, რომ მანქანას ახლახან სრული რესტავრაცია ჩაუტარეს. საინტერესო ისაა, რომ ეს სამუშაო ზუსტად იმ პიროვნებამ შეასრულა, რომელმაც ეს 300E Hammer-ად აქცია. ეს ადამიანი ჰარტმურტ ფილია, რომელიც AMG-ის გუნდში 12 წლის განმავლობაში მუშაობდა.

Hammer-ი 6-ლიტრიანი ატმოსფერული V8 ძრავით არის აღჭურვილი. ძრავის თავაკი შეცვლილია და ოთხმაგი გამანაწილებელი ლილვით არის წარმოდგენილი. თითო ცილინდრზე ოთხი სარქველია. ეს მძლავრი V8 ახალ ტრანსმისიასთანაც დააწყვილეს. ყველა ამ ჭკვიანური სვლის შედეგი ის იყო, რომ ავტომობილი 385 ცხენის ძალასა და 564 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებდა. გამოდის, რომ ამ მანქანის წარმადობა ორჯერ გაიზარდა.




ავტომობილის მოდიფიცირების ფარგლებში შეიცვალა დაკიდების სისტემა, დისკები და სავალი ნაწილის დეტალები. ვიზუალურად მანქანა აეროდინამიკური დანამატებითაც აღჭურვეს. სალონი კი მაღალხარისხიანი ხის გაფორმებით დაამშვენეს.

სარესტავრაციო სამუშოები, რომელიც RENNtech-მა ჩაატარა თითქმის 80 000$ დაჯდა. მანქანის ოდომეტრზე 52 000 კმ-ია გამოსახული. ეს ნიშნავს, რომ ეს Hammer-ი საკოლექციო მდგომარეობაშია. ამიტომ პროგნოზი, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, არ უნდა გაგვიკვირდეს. მაგალითისთვის ერთი ასეთი ეგზემპლარი გასულ აგვისტოს 761 800$-ად შეფასდა.

თქვენ რა თანხას დათმობდით ამ მოდელის სანაცვლოდ? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: