Aa Aa
13 მარტი 2023  |  12:25

დაგრძელებული Bugatti Veyron-ის ასლის დაუსრულებელი პროექტი იყიდება

ჰიპერავტომობილის ვიზუალის მქონე ლიმუზინი Lincoln Town Car-ზეა დაფუძნებული.

თუ საავტომობილო პროექტებით ხართ გატაცებული და თან ლიმუზინები მოგწონთ, ეს გაწელილი Bugatti Veyron-ის ასლის პროექტი თქვენთვისაა. საპროექტო მანქანას, რომელიც Lincoln-ზეა დაფუძნებული, ბევრი რამ სჭირდება. მიუხედავად ამისა, მას დამოუკიდებლად გადაადგილება შეუძლია. თანაც, კორპუსი მინაბოჭკოსგან არის დამზადებული და სამუშაო ისე სუფთადაა შესრულებული, რომ ქარხნული გეგონებათ. 



პროექტი 2001 წლის Lincoln Town Car-ის გადაკეტებით დაიწყო. ის სრულად დაშალეს და ჰიპერქარის გარდაქმნისთვის გაამზადეს. მინაბოჭკოსგან დამზადებული ახალი კორპუსი რკინის ძელებისგან აწყობილ ჩარჩოზეა დაფუძნებული, რომელიც Veyron-ის ფორმებს იმეორებს. მიუხედავად იმისა, რომ მანქანას წინ Ford-ის 8-ცილინდრიანი ძრავა აქვს, მისი „ბუგატისგან“ გარჩევა რთულია.

ბორბლებს შორის მანძილი ჩვეულებრივ „ვეირონზე“ გაცილებით დიდია, ხოლო გვერდით არსებული ჰაერის არხები მთლიანად დახშულია. თუმცა, ეგზოტიკური ავტომობილის ვიზუალი მაინც შენარჩუნებულია, რაზეც უდიდესი გავლენა 20-იან ალუმინის დისკებს, „ლამბოს“ სტილის წინა კარებს და თოლიისებრ უკანა კარებს აქვს. ცნობისთვის, ეს პროექტი სამი წლის განმავლობაში კეთდებოდა.



მანქანის გასაყიდი განცხადება eBay-ის პლატფორმაზეა ატვირთული და ის 25 000$-ად არის შეფასებული. მფლობელის თქმით, ეს თანხა გაცილებით ნაკლებია იმაზე, ვიდრე ეს ავტომობილი რეალურად დაჯდა.

როგორ ფიქრობთ, ღირს ეს პროექტი 25 000$? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: