Aa Aa
18 აპრილი 2023  |  11:36

503-ცხენისძალიანი მინივენი AMG-სგან - Mercedes-Benz R63 AMG

ამ მანქანის შეძენა ერთი წლის განმავლობაში იყო შესაძლებელი და ის AMG-ის V8 ძრავით იყო აღჭურვილი.

დღეს Mercedes-Benz-ის თანამედროვე სპორტული მოდელების დასახელებებში ყველა ერკვევა. დაინახავთ თუ არა რიცხვ 63-ს და მაშინვე იგებთ, რომ საქმე რაღაც განსაკუთრებულთან გაქვთ. 2007 წელს კი რაღაც უფრო გამორჩეული გამოდიოდა. გერმანულმა მწარმოებელმა რიცხვი 63 R-თან დააწყვილა.

Mercedes-Benz R-Class-ს დიდი ისტორია არ აქვს. MPV კლასის მოდელის დებიუტი 2005 წელს შედგა და 12 წლის განმავლობაში გამოდიოდა. 7-სავარძლიანი მოწყობა და კლასისთვის დამახასიათებელი ფორმები მინივენების სამყაროს თითქოს სრულად განეკუთვნებოდა, მაგრამ სტანდარტული კარები და მაღალი ფასი მას კონკურენტებისგან შორს აყენებდა. დღეს ზოგი მოყვარული R-Class-ს ადრეული წლების „ქროსოვერსაც“ უწოდებს. რაც არ უნდა უწოდოთ მას, ამ მანქანის გაყიდვები მოიკოჭლებდა. ამის შედეგი იყო ის, რომ მისი წარმოება 2017 წელს შეჩერდა. 


ეს ავტომობილი მწარმოებლის ის მოდელია, რომელიც ისტორიის ჩრდილში მოექცა. სწორედ ამიტომ, ძალზედ ცოტამ თუ იცის R-Class AMG-ის არსებობის შესახებ. Mercedes-მა 2007 წელს R63 გამოუშვა. ეს ავტომობილი 200 ეგზემპლარად არსებობს და მას ყველაფერი აქვს, რაც AMG-ს სრულფასოვან მოდელს უნდა ჰქონდეს. ერთ-ერთი ეგზემპლარი ახლა გასაყიდად არის გამოტანილი. მანქანას 230 000 კილომეტრი აქვს გავლილი და თითქმის ქარხნულ მდგომარეობაშია. თითქმის იმიტომ, რომ ეს უცხო სტილის დისკები სპეციალური შეკვეთით არის დამზადებული. მფლობელი მანქანას ქარხნულ დისკებსაც აყოლებს.



R63 AMG-ის პათოსს ატარებს. მკაცრი ფორმები და უკანა ბამპერთან გამოტანილი ოთხი მაყუჩი მიგახვედრებთ, რომ ჩვეულებრივ MPV-სთან არ გაქვთ საქმე. ეს მინივენი თავისი V8 ძრავით 7 მგზავრს 0-დან 100-მდე 4.5 წამში ააჩქარებს. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 260 კმ/სთ-მდე ელექტრონულად არის შეზღუდული.

სტატიის წერის მომენტში ავტომობილის ფასი 16 000$-ია. მსურველებს თანხის შესათავაზებლად კიდევ ერთი კვირა აქვთ.

როგორ ფიქრობთ, რამდენად შეფასდება 200-დან ერთ-ერთი R63? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: