Aa Aa
4 მაისი 2020  |  16:15

სასიგნალო დროშების მნიშვნელობა საქართველოს წრიული რბოლების ჩემპიონატში

ავტორბოლისას დროშები მძღოლებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მისაწოდებლად  გამოიყენება. ეს ინფორმაცია შესაძლოა ავტომობილის ან ტრასის მდგომარეობას ეხებოდეს. სხვადასხვა ფერის დროშას  სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს. საქართველოს ავტოსპორტის ფედერაციამ 2017 წელს საქართველოს ჩემპიონატის წრიულ რბოლაში მოქმედი სასიგნალო დროშები დაადგინა.

წითელი დროშა რბოლის შეჩერებას ნიშნავს. მონაწილეებმა სიჩქარე მინიმუმადე უნდა შეამცირონ და  „პიტ ლეინზე“ შევიდნენ. გასწრება აკრძალულია.

შავი დროშა – STOP & GO ან დისკვალიფიკაცია. ამ დროშას მონაწილეს საბორტო ნომერთან ერთად უჩვენებენ. ამ შემთხვევაში მონაწილე ვალდებულია შევიდეს „პიტ ლეინზე“, გაჩერდეს სპეციალურად მონიშნულ ადგილას და დაელოდოს შემდგომ მითითებებს.

ყვითელი დროშა – საშიშროება ტრასაზე. ასეთ შემთხვევაში მრბოლელი ტრასაზე შექმნილი ნებისმიერი დაბრკოლების გვერდის ასავლელად მზად უნდა იყოს. ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების გასწრება კატეგორიულად იკრძალება. ორი ყვითელი დროშა ერთად ნიშნავს ტრასაზე წარმოქმნილ სერიოზულ დაბრკოლებას. ასეთ შემთხვევაში მრბოლელი ვალდებულია შეამციროს სიჩქარე და მზად იყოს სატრანსპორტო საშუალების მკვეთრი მანევრის შესასრულებლად ან სრულად გასაჩერებლად. ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების გასწრება კატეგორიულად იკრძალება.

შავი დროშა ყვითელი წრით – ტექნიკური გაუმართაობა. ამ დროშას მონაწილის საბორტო ნომერთან ერთად უჩვენებენ. მონაწილეს, რომელსაც ამ დროშას უჩვენებენ, სატრანსპორტო საშუალებას აღენიშნება ვიზუალური ტექნიკური გაუმართაობა და ვალდებულია შევიდეს „პიტ ლეინზე“ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად.

ლურჯი დროშა – წრეზე დაწეული ავტომობილი. მონაწილე, რომელსაც უჩვენებენ ამ დროშას, ვალდებულია გაატაროს ავტომობილი, რომელიც მას წრეზე წამოეწია.

შავთეთრი დროშა – გაფრთხილება. ამ დროშას მონაწილის საბორტო ნომერთან ერთად უჩვენებენ. მონაწილეს, რომელსაც უჩვენებენ ზემოთ მითითებულ დროშას, გაფრთხილებას არასპორტული ან არამიზანშეწონილი საქციელისთვის აძლევენ,რასაც განმეორების შემთხვევაში მოჰყვება შავი დროშა.

მწვანე დროშა – რბოლის დაწყება, „პიტ სტოპიდან“ გამოსვლის უფლება, თავისუფალი გზა ან ყვითელი დროშის მოქმედების ზონის დასრულება.

დროშა წითელი და ყვითელი ზოლებით – მოცურების საფრთხის შემცველი ზედაპირი. ეს დროშა აფრთხილებს მონაწილეებს, რომ გზის საფარის მდგომარეობა შეიცვალა (ტრასაზე დაღვრილია ზეთი, ტრასის ზედაპირი დასველდა, ტრასაზე დაიყარა ხრეში, მიწა ან სხვა).

ფინიშის დროშა – რბოლის დასრულება. ყველა მონაწილე ასრულებს მიმდინარე წრეს და შედის „პიტ ლეინზე“.

 

გაზიარება: