Aa Aa
14 მაისი 2023  |  12:25

1 000-ცხენისძალიანი Porsche Taycan Turbo GT Tesla-ს გასანადგურებლად შეიქმნა

დადის ჭორები, რომ Taycan-ის ახალ მოდელს 3 ელექტრო ძრავა, სრულად ამძრავი სისტემა და 1 000 ცხენის ძალა ექნება.

განახლებული Porsche Taycan-ისა და Taycan Cross Turismo-ს შემდეგ, კიდევ ერთი საინტერესო მოდელის პაპარაცული სურათები გავრცელდა. თუმცა, ამჯერად საქმე მაღალი წარმადობის სპორტულ მოდელს ეხება.

ამ პროტოტიპს Taycan Turbo GT ჰქვია, რომელსაც უკან უზარმაზარი ფრთა აქვს. სპორტული ხასიათი ავტომობილის ცხვირსაც ეტყობა.

გასაჯაროებული სურათებიდან ბევრს ვერაფერს დავინახავთ. თუმცა, ჩანს, რომ მანქანა Turbo-ს სტილის ლარტყას, შავ დისკებსა და სპორტულ სამუხრუჭე სისტემას მალავს.



„პორშე“ ამ პროტოტიპის შესახებ კრინტს არ ძრავს. თუმცა, ვრცელდება ჭორები, რომ ის 750-ცხენისძალიან და 1 048 ნიუტონ მეტრიან Turbo S-ზე ძლიერი იქნება. შეგახსენებთ, რომ Taycan Turbo S-ი 0-დან 100 კმ/სთ-მდე 2.6 წამში ჩქარდება. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 259 კმ/სთ-ია.

ამ მაჩვენებლების გაუმჯობესება მარტივი არ არის. სწორედ ამიტომ, ზემოთ ხსენებული ჭორების მიხედვით, ახალი პროტოტიპი 3-ძრავიანი ელექტრო სისტემით უნდა იყოს აღჭურვილი. სიმძლავრე კი მინიმუმ 1 000 ცხენის ძალა იქნება. ეს კი ზუსტად ის ლიგაა, სადაც Tesla Model S Plaid-ი ასპარეზობს. ეს უკანასკნელი 1 002 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 100 კმ/სთ-ის განსავითარებლად 1.99 წამი სჭირდება. მისი მაქსიმალური სიჩქარე 322 კმ/სთ-ია. სვლის მარაგი კი 637 კმ გახლავთ.

როგორ ფიქრობთ, მოახერხებს Porsche „ტესლას“ ტახტიდან ჩამოგდებას? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: