Aa Aa
16 ივნისი 2023  |  13:01

„მინდა ვიყო Challenger-ის“ პროექტი

საინტერესოა, რატომ იფიქრა ვინმემ, რომ Chrysler Sebring-ი Challenger-ის გარდასახვისთვის იდეალური ვარიანტი იქნებოდა.

Chrysler Sebring-ი საქართველოში არც ისე პოპულარული ავტომობილია. ეს ამერიკული ბაზრისთვის გამოშვებული საკრუიზო კუპეა, რომელიც დიდად აშშ-შიც არ უყვართ. „მოდი, ამ მანქანას Challenger-ს დავამსგავსებ“ - ეს ის უკანასკნელი ფიქრია, რაც ამ ავტომობილის პირველად დანახვისას გაგიჩნდებოდათ. თუმცა, ვიღაცას არამხოლოდ ეს აზრი გაუჩნდა, არამედ Sebing-ი „ჩელენჯერს“ მართლა დაამსგავსა.


ეს ავტომობილი ახლა გასაყიდადაა გამოტანილი. ეს 1997 წლის Sebring-ზე დაფუძნებული „მინდა ვიყო ჩელენჯერია“, რომელსაც ვიღაც არანორმალური (კარგი გაგებითაც და ცუდითაც) კანადაში ფლობს. გასაყიდ განცხადებაში მანქანა „უნიკალურ ავტომობილად“ არის წოდებული. იქვე ნახსენებია, რომ მოდელს პროფესიონალური რესტავრაცია აქვს ჩატარებული. აღსანიშნია, რომ ვინც ეს Sebring-ი ჩელენჯერს დაამსგავსა საოცარი სამუშო გაწია. ეს ყველაფერი მარტივი არ იქნებოდა.

მიუხედავად ასეთი თავდადებისა, ბევრი დეტალი მაინც „ყვირის“. მაგალითად, ცხვირის კონტურები და ხაზები არეულია. შეიძლება ითქვას, რომ მანქანას ცხვირი აქვს ჩამოშვებული. ასეთ ხასიათს კი ნამდვილი ჩელენჯერი საერთოდ არ ატარებს. პირიქით!


კარგი ისაა, რომ მანქანას კონდიციონერი, ახალი სახურავი, დაბურული შუშები, LED-ი მაშუქები და OZ-ის დისკები აქვს. სამწუხაროდ, ეს დისკები სწრაფად ვერ იტრიალებს, რადგან ძრავა 2.4-ლიტრანი 4-ცილინდრიანია. ის 150 ცხენის გამოიმუშავებს. ოდომეტრზე 106 000 მილია გამოსახული, რაც 170 000 კმ-ს უდრის.

ამ უცნაური ავტომობილის სანაცვლოდ 4 800 ამერიკულ დოლარს ითხოვენ. შეიძენდით ამ მანქანას ამ ფასად? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: