Aa Aa
24 ივნისი 2023  |  13:43

1980 წლის Hilux-ს 1 მილიონი მილი აქვს გარბენი და უგზოობაში შეუჩერებელია

მანქანას ჯერ კიდევ პირველი მფლობელი ჰყავს, რომელმაც 400 000 გარბენზე ძრავა იმიტომ შეცვალა, რომ უფრო მძლავრი აგრეგატი სურდა.

Toyota Hilux-ს გამძლეობისა და საიმედოობის რეპუტაცია რომ აქვს ეს ახალი არავისთვისაა. აშშ-ში მწარმოებელი ამ პიკაპს Toyota Pickup-ის სახელით ყიდდა. შემდეგ კი Tacoma გამოჩნდა. მანქანა, რომელზეც ამ სტატიაში უნდა მოგიყვეთ 1980 წელსაა გამოშვებული და მილიონი მილი აქვს დაფარული. ამ Hilux-ს ადვილი ცხოვრება არ ჰქონია. მას უგზოობაზე და რალის ჩემპიონატებზეც იყენებდნენ.

ეს ყველაფერი არ არის. მისი შეძენიდან ორ კვირაში მფლობელი MG Midget-ს დაეჯახა. მან მანქანის შეკეთების შემდეგ კაბინაში უსაფრთხოების კარკასის დამონტაჟება გადაწყვიტა, რის შემდეგაც საგარანტიო საბუთი გაბათილდა. ახლა კორპუსზე ჟანგების შემჩნევაც შეიძლება. ამძვრალი საღებავები კი ადასტურებს, რომ ძარა რამდენჯერმეა შეღებილი. 

ინტერიერი უფრო უარეს მდგომარეობაშია. იქ მხოლოდ საჭირო დეტალებია დარჩენილი. აღარ არის ნაჭრის ჭერი და ხალიჩები. იატაკზე ხვრელებიცაა. კარის პანელები ხალიჩების და ჭერის გზას გაუყენეს. ასევე, ჩანს ყველა შნური.

კაპოტის ქვეშ 2.2-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავა 2.4-ლიტრიანი 4-ცილინდრიანით ჩაანაცვლეს. მფლობელმა ქარხნული აგრეგატით 400 000 მილი (650 000 კმ) დაფარა. შემდეგ კი აგრეგატი იმიტომ შეცვალა, რომ უფრო მეტი სიმძლავრე სჭირდებოდა.

ეს ავტომობილი რალის ჩემპიონატებშიც ხშირად იღებდა მონაწილეობას. ასევე, Hilux-ს ხშირად იმეტებდნენ ტრამპლინებზე გადასახტომად. ასეთი მოპყრობის შედეგად, ამორტიზატორებს, მორგვებსა და დაკიდების სისტემის სხვა დეტალებს ჩანაცვლება დასჭირდა.

მფლობელი თქმით, მანქანის ასეთი გამძლეობისა და საიმედოობის ფორმულა მის სიმარტივეშია. მისი შეკეთება რთული არასდროს ყოფილა. ახლა ამ ავტომობილს 1 მილიონი მილი აქვს გარბენი, რაც 1 600 000 კმ-ზე მეტია.

გაზიარება: