Aa Aa
7 აგვისტო 2023  |  13:04

რატომ არ არის საზღვაო გადაზიდვები ელექტრომობილებისთვის მზად?

სატვირთო გემების უმეტესობა მაღალი აალების მქონე ხანძრებისთვის მზად არ არის.

მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიები და ინფრასტრუქტურა ყოველდღიურად ვითარდება, ელექტრომობილების სამყაროში დასახვეწი კიდევ ბევრი დეტალია. ერთ-ერთი და ყველაზე მთავარი საზღვაო ტრანსპორტირებაა. ეს ის თემაა, რომელიც ყველა მხარეს დიდ პრობლემას უქმნის, დაწყებული სადაზღვევო კომპანიებით, დასრულებული სამაშველო სამსახურებით. სამწუხაროდ, ამ საკითხის სწრაფად მოგვარება ვერ ხერხდება.

ეს თემა წინ მას შემდეგ წამოიწია, რაც გემს, სახელად Fremantle Highway, რომელსაც 498 ელექტრომობილი გადაჰქონდა, ცეცხლი გაუჩნდა. ცეცხლის ჩაქრობას ბორტზე არსებული EV-ები ხელს მნიშვნელოვნად უშლიდა. ბატარეები არამხოლოდ ცეცხლის გაჩენის მიზეზი გახლდათ, არამედ მათი ჩაქრობა მეხანძრეებისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენდა.

ელექტრომობილების აალება ახალი არავისთვისაა. სახანძრო ეკიპაჟები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტექნიკებსა და აღჭურვილობას აუმჯობესებენ, რათა მოსალოდნელი შემთხვევისთვის მზად იყვნენ. საერთაშორისო სამაშველო და სახანძრო ასოციაციის ინფორმაციით, აალებული Tesla-ს ჩაქრობას 151 416 ლიტრი წყალი სჭირდება. არა, არაფერი შეგვშლია. და დიახ, ეს ზუსტი მონაცემია. 

რა ხდება მაშინ, როდესაც EV-ების გადატანა ზღვით ხდება? როგორც ჩანს, ინდუსტრია ამ სფეროში უფრო მოუმზადებელია. Reuter-ის მოხსენების მიხედვით, გემებზე დამონტაჟებული სახანძრო აღჭურვილობა ელექტრომობილების ცეცხლის ჩაქრობისთვის მზად არ არის. ლითიუმ-იონური ბატარეები, ჩვეულებრივ ცეცხლთან შედარებით, არამხოლოდ ორმაგი ენერგიით, არამედ ჯაჭვური რეაქციითაც იწვის. 

აალებული ელექტრომობილის ჩაქრობა მიწაზე ნაკლებად რთულია. იზოლირებული ცეცხლის შემთხვევაში მეხანძრეები სპეციალურ ტექნიკას იყენებენ. სარკინიგზო ტრანსპორტისას ალმოკიდებული სექციის გამოცალკევება შეიძლება. სატვირთო გადაზიდვისას კი სატვირთოს გზიდან მოშორებით გაჩერებაა შესაძლებელი. მაგრამ გემზე ლითიუმ-იონური ბატარეებით აღჭურვილი ავტომობილის ცეცხლის ჩაქრობა მეხანძრეებისთვის დიდი გამოწვევაა. ცოცხალ ძალას იქ მოძრაობაც კი უჭირს. ასევე, გასათვალისწინებელია ცეცხლის ჩაქრობის დროს გემბანზე მომატებული წყლის დონეც.

ჩამოთვლილი მიზეზებიდან გამომდინარე, სადაზღვევო კომპანიები ავტომწარმოებლებისთვისა და ხომალდების მფლობელებისთვის სადაზღვევო გადასახადს ზრდიან. თუმცა, აღსანიშნია ისიც, რომ ამ საკითხის მოგვარებით დიდი ორგანიზაციები არიან დაინტერესებულნი. ეს კი იმედს გვაძლევს, რომ მომავალში ელექტრომობილების საზღვაო გადაადგილება უფრო უსაფრთხო იქნება.

როგორია თქვენი ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით? თქვენ როგორ მოაგვარებდით აღნიშნულ პრობლემას? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: