Aa Aa
1 აგვისტო 2023  |  11:28

გემზე, რომელიც ოკეანეში იწვის, თითქმის 500 ელექტრომობილია

BMW-ს და Mercedes-ს ასობით ავტომობილი ჰყავს ხომალდზე, რომელზე ცეცხლის ჩაქრობასაც ამ დრომდე ცდილობენ.

რა არის ალმოკიდებული ელექტრომობილის ჩაქრობაზე რთული? 500 ალმოკიდებული ელექტრომობილის ჩაქრობა! ერთ-ერთ ხომალდზე ახლა 500 ელექტრომობილი იწვის და თუ ყველაფერი ცუდად წავა გემის ჩაძირვის რისკიც არსებობს. ცეცხლის ჩასაქრობად სახანძრო ჯგუფი ამ დრომდე მუშაობს.

ერთ-ერთ ხომალდზე ცეცხლის გაჩენა ელექტრომობილმა გამოიწვია, რომელიც მოულოდნელად აალდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

Bloomberg-ის მოხსენებით ვიგებთ, რომ გემზე 498 ელექტრომობილია. სულ კი ხომალდს 3 783 ავტომობილი გადააქვს. Mercedes-სა და BMW-ს ბორტზე ასობით ავტომობილი ჰყავს განთავსებული.

როგორც მოგეხსენებათ, ცეცხლმოკიდებული ბატარეის ჩაქრობა რთულია. ის საწვავზე უფრო სწრაფად, მაღალ ტემპერატურაზე და დიდხანს იწვის. EV-ების დომინოს პრინციპით აალებას კი სერიოზული პრობლემის გამოწვევა შეუძლია.

საბედნიეროდ, სახანძრო ბრიგადა ეფექტურად მუშაობს, რისი შედეგიც ისაა, რომ გემზე ტემპერატურა წინა დღეებთან შედარებით ნაკლებია. თუმცა, ცეცხლი ბოლომდე მაინც არ არის ჩამქრალი.

მატერიალური ზარალის გარდა, უცნობია გემზე მყოფი ადამიანების მდგომარეობა. ეს ფაქტი კი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უსაფრთხოება, როდესაც საქმე ელექტრომობილებს ეხება.

გაზიარება: