Aa Aa
3 ოქტომბერი 2023  |  14:00

Toyota Land Cruiser-ი მართლაც რომ ყველაზე გამძლე ავტომობილია

საშინლად დაზიანებული ავტომობილი მაინც დადიოდა და სახელოსნოში „თავისით“ მიიყვანეს.

Toyota Land Cruiser-ი თავისი გამძლეობითა და შესაძლებლობებითაა სახელგანთქმული. ინტერნეტსივრცეში უამრავი ვიდეო და სტატია მოიპოვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა დატვირთვებსა და გამოწვევებს უძლებს ეს ავტომობილი. ახლახან ამ კოლექციას კიდევ ერთი ვიდეო შეემატა. ეს „ლენდ კრუიზერი“ სერიოზულ შემთხვევაში მოყვა. აშკარაა, რომ ის ბევრჯერ გადაბრუნდა. კორპუსი უბრალოდ „დაღეჭილია“.

მანქანა ისეა დაზიანებული, რომ მისი ამოცნობა შესაძლოა წარმოუდგენლად მოგეჩვენოთ. თუმცა გეტყვით, რომ ის Land Cruiser 70 Series-ია. და არა, წარმოდგენა არ გვაქვს როგორ მოთავსდა მძღოლი მასში. ალბათ, ავარიის შემდეგ არც გადმოსულა.

ვიდეო „ტოიოტას“ Instagram-ის პლატფორმაზე გავრცელდა და გულშემატკივრებში დიდი ყურადღება დაიმსახურა. ამ ავტომობილის მძღოლი საუდის არაბეთში, უგზოობაში გადაადგილდებოდა, რა დროსაც ავტომობილი გადატრიალდა და რამდენიმე ბრუნი გააკეთა. გასაოცარი ისაა, რომ მფლობელი სრულიად უვნებელი გადარჩა.

ეს ისტორია „ტოიოტას“ გულშემატკივრებმა აიტაცეს და სიამაყით გაავრცელეს. ვიდეოს მილიონობით ნახვა აქვს.

კი, მაგრამ როგორ დადის ასეთი დამტვრეული ავტომობილი? როგორც ჩანს, მანქანის კიბისებური ჩარჩო, ძრავა და გადაცემათა კოლოფი გადარჩა.  ფლობელი კი მის ჯართში ჩაბარებას არ აპირებს და ავტომობილის გზებზე დაბრუნებას გეგმავს. არ არის გამორიცხული, რომ გადარჩენილი დეტალები სხვა ავტომობილზე გადააწყონ.

შეგახსენებთ, რომ Land Cruiser 70 Series-ი 1984 წლის შემდეგ თითქმის არ შეუცვლიათ. ახლახან ავტომობილი კიდევ ერთხელ განაახლეს. ის, რის გამოც ეს მოდელი დღესაც პოპულარულია მისი ასეთი გამძლეობა და შესაძლებლობებია.

გაზიარება: