Aa Aa
2 აპრილი 2024  |  13:10

Audi R8 ოფიციალურად „მკვდარია“

2023 წლის ნოემბერში, უკანასკნელი TT-ის გამოშვების შემდეგ, შესაძლოა Audi-ის კიდევ ერთი საკულტო მანქანის სასიცოცხლო ციკლის დასასრულიც ვიხილოთ. გერმანიაში, ჰაილბრონში მდებარე ქარხანა Audi Böllinger Höfe-ში, ავტომწარმოებელმა R8-ის ხაზის ბოლო მოდელი გამოუშვა, მისი შემცვლელი კი, ჯერ-ჯერობით არ ჩანს.

Audi-ის მიერ წარმოებული სუპერმანქანის ბოლო მოდელი Vegas Yellow კუპეა, Performance Quattro Edition-ი, კარბონის დეტალებით შექმნილი ექსტერიერითა და ოციანი დისკებით აღჭურვილი. მომხმარებელთა შეკვეთების დასაკმაყოფილებლად, Audi-ის R8-ის მოდელების წარმოების გახანგრძლივება მოუწია. მოთხოვნა სწორედ მას შემდეგ გაიზარდა, რაც კომპანიამ ხაზის შეწყვეტის შესახებ განაცხადა.

თავდაპირველი გეგმით, Audi-ის ხაზის ბოლო ავტომობილი 2023 წლის ბოლოს უნდა გამოეშვა, თუმცა, საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ გასული თვის ბოლოს მიიღო. გასულ წელს, გაყიდვები 49%-ით გაიზარდა და 1,591 ერთეულს მიაღწია, თუმცა, R8 კვლავ კომპანიის ყველაზე ნელა გაყიდვად გლობალურ პროდუქტად რჩებოდა.
ძველ შედეგებსაც რომ გადავხედოთ, R8-ზე მოთხოვნა ყოველთვის საგრძნობლად დაბალი იყო, რაც გასაკვირი არცაა მოდელის ფასიდან გამომდინარე. მოთხოვნამ პიკს 2008 წელს მიაღწია, შედეგად, კომპანიამ მომხმარებელს იმ წელს 5,016 ავტომობილი მიაწოდა.

წლების განმავლობაში, R8-ის გაყიდვების დინამიკა ასე გამოიყურებოდა: 2007 წელს კომპანიამ 2,952 ერთეული გაყიდა, შემდეგ წელს მაქსიმუმი - 5,016 მოდელი, 2009 წელს კი, ეს მაჩვენებელი 3,074-მდე შემცირდა. 2018 წლამდე, Audi საშუალოდ 2,000-3,000 ერთეულის დიაპაზონში ჰყიდდა R8-ის მოდელებს, თუმცა 2019 წლის შემდეგ კლება დაიწყო და მინიმუმამდე - 1,068 გაყიდული მოდელი - 2022 წელს ჩამოვიდა.

R8-ის ხაზის შეჩერება, დიდი ალბათობით, ავტომატურად Volkswagen Group-ის V-10-ძრავის სიკვდილსაც გამოიწვევს, Huracan-ის წარმოებას კი, Lamborghini 2024 წლის ბოლოს შეწყვეტს.


თუმცა, Huracan-ი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სუპერმანქანაა, რის გამოც, Lamborghini მის მემკვიდრეს წელსვე წარადგენს და ახალი მოდელის განვითარების დაფინანსებას, Audi-სთან ხარჯების გაზიარების გარეშეც შეძლებს. Huracan-ის ახალი მოდელი სავარაუდოდ Lambo იქნება, plug-in-ის ჰიბრიდის კონფიგურაციით და ზომაში შემცირებული ბენზინის ძრავით.

ამის მიუხედავად, R8-ის მემკვიდრის წარმოებას არ გეგმავს Audi, რაც შეგვიძლია სწორედ მოდელის მაღალ ფასსა და ემისიებზე დაწესებულ შეზღუდვებს დავაბრალოთ.

 

გაზიარება: